საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ ნორვეგიის ნაკრებთან მატჩის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, 10-15 წუთი კარგად თამაში საკმარისი არ არის და ფეხბურთელებმა შეცდომები საკუთარ თავში უნდა ეძებონ.
ბუდუს განცხადებით, გუნდს მეტი შეუძლია და მეტი მოეთხოვება.
„რა თქმა უნდა, ეროვნულ ნაკრებში ყველა გოლი სასიხარულოა, ზოგადად, ერთი, ორი თუ რამდენი წუთიც იქნება, ნაკრებში ყოველთვის საამაყოა, რომ თამაშობ. მეც ვცდილობ, რომ რა შანსსაც ვიღებ, მაქსიმალურად გამოვიყენო და დავამტკიცო, რომ მეტს ვიმსახურებ.
ჩავარდა ეს კვირა ჩვენთვის, ამიტომ ყველა ფეხბურთელმა უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, ჩემიდან დაწყებული, რადგან კლუბშიც არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო და უნდა ვიმუშაო იმაზე, რომ მეტი დრო მივიღო, რათა შემდეგ ნაკრებში შევძლო 90 წუთი თამაში შევძლო, იმიტომ, რომ ფეხბურთი 90 წუთი და ცოტა მეტი გრძელდება და არა ისე, როგორც დღეს ვითამაშეთ, ბოლო 10-15 წუთი, ეს არ არის საკმარისი, ამიტომ, ფეხბურთელებმა მეტი უნდა ვიმუშაოთ, შეცდომები საკუთარ თავში ვეძებოთ. ვფიქრობ, ისეთი გუნდი გვყავს, რომელსაც მეტი შეუძლია და მეტი მოგვეთხოვება, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მომდევნო შეკრებაზე ეს შედეგები გამოვასწოროთ. ფეხბურთელებს გვაქვს პასუხისმგებლობა და ვეცდებით გამოვასწოროთ. გულშემატკივრებს მადლობას გადავუხდი, რადგან 90 წუთი არ გაჩერებულან, თბილისშიც, იმ წვიმასა და საშინელ ანგარიშზე ბოლომდე დარჩნენ. მადლობა მათ, ამ შეკრებაზე ტაში მათ დაიმსახურეს და ვეცდებით, რომ მათი და მთელი საქართველოს იმედები დარჩენილ თამაშებში გავამართლოთ. ახლა რაღაც თეორიული შანსი გვაქვს, მაგრამ უფრო მარტის თამაშზე უნდა ვიფიქროთ და მოვემზადოთ ერთა ლიგისთვის. სანიოლმა მითხრა, რომ ცოტა მაღალი პრესინგი მეთამაშა, რაც ჩემი აზრით გავაკეთე და ეს დავალება შევასრულე“, - თქვა ზივზივაძემ.
საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.