ფეხბურთი

0:47 | 13.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი თამაში და დაგვიანებული რეაქცია

ესპანეთთან 1:7-ის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოსლოში, ნორვეგიასთან მძიმე თამაში ელოდა, მაგრამ ბევრიც ჰქონდა დასამტკიცებელი, რაც ვერ მოახერხა.

მორიგი უიმედო და საგანგაშო თამაში ვილი სანიოლის გუნდის შესრულებით. აქ უკვე საუბარი აღარ არის იმაზე, რომ შესარჩევი ეტაპის დაძლევის შანსი დაკარგულია, საუბარია ერთა ლიგის პლეი-ოფზე, ბოლო იმედზე, სადამდეც დიდი დრო ნამდვილად აღარ რჩება.

საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიაში თამაში შეცვლილი სქემით დაიწყო, ძირითად შემადგენლობაშიც ორი დებიუტანტი გამოჩნდა სანდრო კალანდაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის სახით. „ულევაალზე“ თავიდან თამაში არცთუ ურიგოდ დაიწყო, ერლინგ ჰოლანდი უბურთოდ იყო, საქართველოც ცდილობდა მეტოქის დაცვაში სივრცეების მოძებნას, მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი 10-15 წუთი. მერე, მეოცე წუთიდან თამაში შეიცვალა. ნორვეგიამ ზეწოლა გაზარდა, რასაც ჩვენმა გუნდმა ვერ გაუძლო.

მატჩის გმირი 18 წლის ანტონიო ნუსა გამოდგა, რომელმაც საქართველოს ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგი და კონკრეტულად გიორგი გოჩოლეიშვილი ძალიან დაჩაგრა. „ბრიუგეს“ ამომავალი ვარსკვლავი უდაოდ საუკეთესო იყო, ორი საგოლე პასი გააკეთა. 25-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელიც გურამ კაშიას გაექცა და თავით შეაგდო. ეს პირველი მომენტი იყო, როცა ერლინგი საჯარიმოში თავისუფალი დარჩა და შანსი გამოიყენა. 8 წუთის შემდეგ ნუსამ საგოლე პასების დუბლი მიითვალა, ამჯერად უკვე მარტინ ოდეგორს გაატანინა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

დარჩენილ დროში ნორვეგიას თავი არ მოუკლავს, ენერგიას ზოგავდა და გამარჯვებამდე საქმე მშვიდად მიიყვანა. საქართველოს ნაკრებს კი, უბრალოდ არ შესწევდა ძალა რაღაცის შეცვლისთვის, შეტევაში სანიოლის გუნდი უბრალოდ არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით ბოლო სამ წუთზე, რაც ცხადია, ძალიან ცოტაა ასეთ დონეზე. თვალშისაცემი პრობლემა იყო დაცვიდან ბურთის სწორად ამოტანა, ნორვეგიელთა პრესინგის გადალახვა. საპირისპიროდ, საქართველოს ნაკრებს პრესინგი პრაქტიკულად არ ჰქონია, ან თუ ჰქონდა, არასინქრონული...

საქართველოს ნაკრებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა - ფორვარდისთვის დამახასიათებელი. თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. და მაინც, უხარისხო თამაშის გადარჩენის შანსი მაინც გაჩნდა, მესამე კომპენსირებულ წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას შეეძლო გათანაბრება, როდესაც მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია და თამაშიც დასრულდა. სანიოლის გუნდმა კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ორჯერვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ 3 წუთში...

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩის შემდეგ 4 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, კვიპროსს უმასპინძლებს, მანამდე სამი დღით ადრე კი, ამხანაგურ მატჩს ტაილანდთან ასევე შინ ჩაატარებს.

დღესვე, ამ ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსის ნაკრები 6:0 გაანადგურა. „ფურია როხას“ 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ორი ქულით უსწრებს ნორვეგიას, თან თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული. ლიდერი შოტლანდიაა, ძალიან დამაჯერებლად - 15 ქულით.

ნორვეგია - საქართველო 2:1 (2:0)

ოსლო, „ულევაალი“

ნორვეგია (4-3-3): ნილანდი; აიერი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, ბიორკანი; ოდეგორი, ბერგი, აურსნესი; ლარსენი (ბერგე 70); ჰოლანდი, ნუსა (სოლბაკენი 71)

მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, კალანდაძე; გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), აზაროვი; დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), მიქაუტაძე (ზივზივაძე 67), კვარაცხელია

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 1:0 ჰოლანდი (25), 2:0 ოდეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90)

გაფრთხილება: დავითაშვილი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (4) – 7 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 6:0 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ნიკოლა დაბანოვიჩი (მონტენეგრო)

1. შოტლანდია 5 5 0 0 12 1 11 15
2. ესპანეთი 4 3 0 1 16 3 13 9
3. ნორვეგია 5 2 1 2 7 8 -1 7
4. საქართველო 5 1 1 3 5 13 -8 4
5. კვიპროსი 5 0 0 5 2 17 -15 0
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076