რეგიონული ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს. წინა სეზონისგან განსხვავებით ლიგაში მონაწილე გუნდთა ვინაობა 3-ით შემცირდა. დასავლეთს, პირველ ლიგაში ანაცვლებული წყალტუბოს ‘დინოზავრი’ და ჩემპიონატს ჩახსნილი ქედას ‘ფირალები’ გამოაკლდნენ. აღმოსავლეთმა კი პირველი ლიგიდან დაქვეითებული ‘ბორჯომი’ იმატა, თუმცა ‘დევები’ და ‘ივერია’ მოისაკლისა.
დასავლეთში ჯგუფურ ეტაპზე 6 გუნდი 2 წრედ იასპარეზებს, რის შემდგომ მოწინავე 2 გუნდი პლეი ოფში მოხვდება. აღმოსავლეთის 10 გუნდა ჯგუფური ეტაპი 2 საფეხურისგან შედგება და ამერის გუნდები დასავლეთთან მიმართებაში მთლიანობაში 3-3 შეხვედრით მეტს გამართავენ.
აღმოსავლეთში 1-წრიანი შეჯიბრების შემდეგ, პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას მოწინავე კვინტეტი განაგრძობს, რომელთაც პირველ ეტაპზე ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი გადაყვებათ. მეორე ჯგუფური ეტაპიც ერთწრიანია და ზედა ხუთეულში წყვილში მასპინძელი ის გუნდი იქნება, რომელმაც მეტოქესთან პირველი ჯგუფური ეტაპის შეხვედრა სტუმრად გამართა.
პლეი ოფში გუნდები რეგულარულ სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი პრინციპით (დას 1- აღმ 2 და აღმ 1- დას 2) დაწყვილდებიან და ნახევარფინალისტთა 2-მატჩა დუელი ფინალისტებს გამოავლენს. ნეიტრალურ მოედანზე გასამართ ფინალში გამარჯვებული გუნდი პირველ ლიგაში აღზევდება, ხელმოცარული გუნდი კი ზედა ლიგაში ანაცვლებას, პირველი ლიგის მე-9 ადგილოსანთან 2-მატჩა პლეი აუტში ეცდება.
დასავლეთ ჯგუფის პირველი ტური არასრული გამოდგა. ძლიერი ნალექის გამო ზუგდიდში, ადგილობრივი ‘რაგბის კლუბისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრა გადაიდო.
ჩოხატაურში, ‘ჯანისა’ და სამტრედიას ‘ფენიქსის’ შეხვედრა დაძაბული ბრძოლით აღინიშნა. მეტოქეებმა 2-2 ლელოს გატანა მოახერხეს. გადამწყვეტი კი გურულთა მგეზავ საბა გულიაშვილის მატჩის მიწურულს გატანილი ჯარიმა გამოდგა. ‘ჯანმა’ 18:14 იმარჯვა და გასული სეზონის მესამეადგილოსანი ოდენ ნუგეშ-ქულას დააჯერა.
ასევე ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა ‘მეკობრეებმა’ ვანის ‘აიეტთან’ მატჩი 4-ქულიანი სხვაობით დათმო – 12:8. ვანელთა შორის გამორჩეული ბურჯი ზურა ლორთქიფანიძე გახლდათ, ვისმა გატანილმა წყვილმა ძალისმიერმა ლელომ ‘აიეტს’ სეზონი მოგებით დააწყებინა.
აღმოსავლეთში კი მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. პირველი ტურის მსგავსად, ‘წიქარამ’ და ‘რუსთავმა’ იოლ წარმატებას მიაღწიეს. „ხვამლი“ არენაზე“, ‘წიქარას’ თელავის ‘ჭადარმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მასპინძლებმა საგრძნობი უპირატესობა 11 უპასუხო ლელოში ასახეს და კახელები ეულ ჯარიმას დააჯერეს. ‘წიქარას’ შუამარბმა ფრიდონ ვეშაგურმა „პენტა-თრიკის“ (5 ლელო) შესრულება მოახერხა – 66:3.
‘რუსთავმაც’ 2 ტურის თავს ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლელებმა ჩემპიონატის ორივე სადებიუტო შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით მოიგეს და ჯამში 208 სამატჩო ქულა დააგროვეს. მიმდინარე სეზონში ‘რუსთავს’ ძმების: ბექა და თორნიკე აქუბარდიას დუეტი თავკაცობს.
„ხვამლი არენამ“ კიდევ ერთ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ნომინალურმა მასპინძელმა ‘ბორჯომმა’ ლიდერთა დუეტთან ცხრილში გატოლების კარგი შანსი ვერ გამოიყენა. ‘ლაშართან’ მატჩის პირველი ტაიმი თორელთა უპირატესობით წარიმართა. ფავორიტმა 4 ლელო გაიტანა და შესვენების წინ 22-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. მეორე ნახევარში ‘ლაშარი’ ზურგქარში თამაშობდა, მასპინძლებს სამატჩო ქულა არ ააღებინა და საკუთრივ, შეცვლაზე შესული ჰავბეკის რევაზ გოცირიძის დადებული ლელოთი თორელებს პრემიალური ქულა არ დაანება. მატჩი ‘ბორჯომმა’ 27:12 მოიგო და 9 საცხრილო ქულით მეოთხე ადგილზე განთავსდა.
ტურის დასკვნითი და გამორჩეული შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ‘სოხუმი’ და ‘პატარძეული’ დაუპირისპირდნენ. გარე კახელები უპირატესობას მატჩის პირველივი წუთებიდან ფლობნენ, აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და ნომინალურ მასპინძელს 4 ლელო დაუდეს, რომელთა დიდი ნაწილი მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგი გახლავთ. „დუბლით“ ‘პატარძეულის’ მხტომელი დავით თარხნიშვილი გამოირჩა. ‘სოხუმმა’ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის ბოლო წუთზე პრესტიჟის ლელოს გატანა მარქაფადან ჩართულმა ფრთა მიხეილ გოცირიძემ მოახერხა. გარე კახელებმა შეხვედრა პრემიალური ქულით – 35:8 მოიგეს და მაქსიმალური 10 საცხრილო ქულით პირველობაზე სამხელისუფლებიანობა დაამყარეს.
RUGBY.GE