ფეხბურთი

19:25 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გერმანიის ნაკრებიდან ჰანსი ფლიკი გაათავისუფლეს

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ჰანსი ფლიკს დაატოვებინეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირში გადაწყვიტეს, რომ ფლიკი და მისი ასისტენტები, მარკუს სორგი და დანი რიოლი სამსახურიდან დაუყოვნებლივ დაეთხოვათ. მიზეზი „ბუნდესნაკრების“ სავალალო შედეგებია.

გერმანიამ ბოლო 5 მატჩიდან ვერც ერთი მოიგო (1 ფრე, 4 წაგება), ბოლო სამში კი ზედიზედ დამარცხდა, მათ შორის, გუშინ საკუთარ მოედანზე იაპონიასთან დიდი ანგარიშით - 1:4.

უნდა გავიხსენოთ, რომ მანამდე გერმანია ფლიკის ხელმძღვანელობით მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჯგუფში ჩარჩა, სადაც ასევე იაპონიასთან განიცადა მარცხი. მოკლედ, ფლიკის სანაკრებო კარიერა, რომელიც 2021 წელს დაიწყო, წარუმატებელი გამოდგა.

საფრანგეთის ნაკრებთან 12 სექტემბერს დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში ალემანებს რუდი ფიოლერი, ჰანეს ვოლფი და სანდრო ვაგნერი გაუძღვებიან, მერე კი ახალ მწვრთნელს დანიშნავენ, რომლის ვინაობა უცნობია, მაგრამ ფავორიტებად ოლივერ გლასნერსა და იულიან ნაგელსმანს ასახელებენ.

გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის მასპინძელია და შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.

0.127026