რაგბი

12:43 | 10.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მორაგბეების კომენტარები ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ

საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა შალვა მამუკაშვილმა, გურამ პაპიძემ და თედო აბჟანდაძემ მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან მარცხის (15:35) შემდეგ კომენტარი გააკეთეს. როგორც მათ თქვეს, ჩაგდებულმა პირველმა ტაიმმა გამოიწვია საბოლოო მარცხიც.

შალვა მამუკაშვილი: „პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ, დისციპლინაში მოვიკოჭლეთ და რა თქმა უნდა, ბურთი არ გვქონდა. როცა ბურთი არ გაქვს, ტიერ 1-ის გუნდის წინააღმდეგ დაცვაში 40 წუთი ვერ გაძლებ, რაც აისახა ანგარიშში. გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, ერთი საქმიდან მეორეზე უფრო სწრაფად გადასვლა. კარგი ისაა, რომ მეორე ტაიმში დაბრუნება შევძელით, იყო მომენტები, როცა თამაშის მობრუნება შეგვეძლო. არ დამინახავს მოთამაშე, რომელმაც ხელები დაუშვა და დანებდა, რაც პლუსია, მაგრამ მარტო ამით მსოფლიო თასზე თამაშებზე ვერ მოვიგებთ. შეცდომები უნდა გამოვასწოროთ, ამისთვის 2 კვირა გვაქვს, კარგად დავინახეთ რა გვაქვს გამოსასწორებელი, სად გვიჭირს, ორი კვირა რჩება პორტუგალიასთან მატჩამდე ვიმუშავებთ და მჯერა, რომ საქართველოს ჯერ ნამდვილი სახე არ უჩვენებია და ყველაფერი წინაა“.

გურამ პაპიძე: „იყო ძალიან ბევრი კარგი მომენტი, შეტევაშიც, დაცვაში, გამოჩნდა ჩვენი სიძლიერეებიც, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ბევრი რამ დაგვაკლდა, მოთმინება, დისციპლინა და ვერ შევძელით იმ მომენტების დაგვირგვინება, რომლებიც შეიძლება გარდამტეხი ყოფილიყო. პორტუგალიის ნაკრებისგან ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ, ჩვენით ცხოვრობს ეს გუნდი, მოედანზე იმ ამბიციით გამოვა, რომ დაგვამარცხოს, ჩვენთვის იქნება პრიორიტეტული დამაჯერებელი მოგება, გადავშალოთ ავსტრალიის გვერდი, დავივიწყოთ, რაც მოხდა, წინ სამი თამაშია და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ საუკეთესო შედეგისთვის“.

თედო აბჟანდაძე: „ამ მატჩში წაგების მთავარი მიზეზი პირველი ტაიმი იყო, რადგან დიდი ანგარიშით ჩამოვრჩით და მეორე ტაიმში რთული აღმოჩნდა. მეორე ტაიმის პირველ წუთებში თითქოს მოვახერხეთ, მაგრამ მაინც მეტოქემ თამაში გარდატეხა და შეუძლებელი გახდა გამარჯვება. რაც მთავარია, შეცდომებზე ვსწავლობთ, წინ კიდევ სამი მატჩია, ვეცდებით, შეცდომები მაქსიმალურად შევამციროთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეორე ტურში დაისვენებს, სამაგიეროდ, ერთმანეთს უელსი-პორტუგალია (16 სექტემბერი) და ავსტრალია-ფიჯი (17 სექტემბერი) შეხვდებიან. ლევან მაისაშვილის გუნდს კი, მომდევნო მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზში, პორტუგალიის ნაკრებთან ელოდება (თბილისის დროით 16:00 საათზე).

0.113843