საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ავსტრალიის ნაკრებთან მსოფლიო თასის პირველ ტურში მარცხის (15:35) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ცუდად ითამაშეს და ბევრი შეცდომა დაუშვეს.
„მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, ჩვენი დისციპლინის პრობლემა კი მხოლოდ ცუდი თამაშით არ არის გამოწვეული, ბევრი ემოციაც გვქონდა. მინიმუმ სამი კარგი შანსი გავანიავეთ და საბოლოოდ ენერგიაც დავკარგეთ. ჩვენ საკმაოდ სუსტად ვითამაშეთ და მეტოქეს დომინაციის საშუალება მივეცით, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ. ავსტრალიას ახალგაზრდა მორაგბეები ჰყავს, მაგრამ მათ კარგ გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვთ და გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ მაღალი კონკურენტუნარიანი რაგბის სათამაშოდ. ბიჭების მადლობელი ვარ, რადგან მათ ბოლომდე იბრძოლეს. დღეს არ გვქონდა თავდაჯერებულობა, მაგრამ ახლა მთავარი მომდევნო მატჩია პორტუგალიასთან“, - თქვა მაისაშვილმა.
კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც: „ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ბევრი ტექნიკური პრობლემა გვქონდა და იმედი მაქვს, რომ მომავალში ზეწოლას უკეთ გავუმკლავდებით“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეორე ტურში დაისვენებს, სამაგიეროდ, ერთმანეთს უელსი-პორტუგალია (16 სექტემბერი) და ავსტრალია-ფიჯი (17 სექტემბერი) შეხვდებიან. ლევან მაისაშვილის გუნდს კი, მომდევნო მატჩი 23 სექტემბერს, ტულუზში, პორტუგალიის ნაკრებთან ელოდება (თბილისის დროით 16:00 საათზე).