ფეხბურთი

22:19 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევროშესარჩევები: უკრაინა ვროცლავში ინგლისს დაუზავდა. შვედეთმა ესტონეთი გაანადგურა

შაბათს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრები იმართება.

C ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ინგლისის ეროვნულ გუნდს, პოლონურ ვროცლავში „უმასპინძლა“ და 1:1 ეთამაშა. ანგარიში 26-ე წუთზე ლონდონის „არსენალის“ მცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს კი (41-ე წთ), „მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელმა, კაილ უოკერმა გაათანაბრა.

5 მატჩის შემდეგ, ინგლისელებს 13 ქულა მოუგროვდათ და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობენ. 7-ქულიანი უკრაინა (4 მატჩის შემდეგ), მეორე საფეხურზე დგას. 3-3 ქულიანი იტალია და ჩრდილოეთ მაკედონია მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, უქულო მალტა კი ბოლო, მე-5 ადგილზეა.

დღეს, 9 სექტემბერს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე მაკედონიელები სკოპიეში იტალიელებს უმასპინძლებენ. ეს „ნაპოლის“ ყოფილი დამრიგებლის, ლუჩანო სპალეტის სამწვრთნელო დებიუტი იქნება „სკუადრა აძურაში.“

F ჯგუფში შვედებმა სტუმრად ესტონელები გაანადგურეს - 0:5. საინტერესოა, რომ ხუთივე ბურთი სხვადასხვა ფეხბურთემა გაიტანა: ვიკტორ გიოკერესმა, დეიან კულუშევსკიმ, ალეკსანდერ ისაკმა, რობინ კაისონმა და ვიკტორ კლასონმა.

ამავე ჯგუფში დღესვე, ადრეულ მატჩში, ბელგიამ ბაქოში აზერბაიჯანელებს იანიკ კარასკოს გოლით 0:1 მოუგო და 10 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამდენივე ქულა მოაგროვეს ავსტრიელებმაც, თუმცა ბელგიელები ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერობენ. 6-ქულიანი შვედეთი მესამე საფეხურზე დგას, ესტონელებს და აზერბაიჯანელებს თითო ქულა აქვთ და შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

0.144929