ფეხბურთი

17:25 | 9.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

Marca: მამარდაშვილი ამ თამაშს ვერ დაივიწყებს, მაგრამ ზრდაში გამოიყენებს

ესპანური გამოცემა Marca გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ქართველ მეკარეს აქვს უნარი კიდევ ერთი სირთულე გადალახოს.

მადრიდული გაზეთი წერს, რომ გიორგის ესპანეთის ნაკრებთან გაშვებული 7 გოლი დიდ ხანს არ დაავიწყდება, მაგრამ შეუძლია ეს თამაში ზრდაში გამოიყენოს.

„ესპანეთთან 1:7 ერთ-ერთი თამაშია, რომელიც მამარდაშვილზე კვალს დატოვებს, მაგრამ ზრდაში დაეხმარება. მეკარისთვის 7 გოლის გაშვება ადვილი არ არის, რაც „ვალენსიას“ მეკარეს დაემართა საქართველოს ნაკრების მატჩში. გიორგი ამას დიდხანს ვერ დაივიწყებს, იმიტომ, რომ მსგავსი რამ მის პროფესიონალურ კარიერაში არასოდეს მომხდარა.

მანამდე ყველაზე ცუდი იყო ერთ მატჩში 4 გოლის გაშვება, ისიც სულ ხუთჯერ, „რუსთავში“, „ლოკომოტივსა“ და „ვალენსიაში“. ესპანურ გუნდში მხოლოდ ერთხელ გაუტანეს 4 გოლი, 2021-2022 წლების სეზონში „ბარსელონასთან“ (1:4).

7 გოლის მიუხედავად, მას ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო, არც ერთი გოლი არ არის მისი ბრალი. გარდა ამისა, მან გუნდი 6-ჯერ გადაარჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა. ქართველი მეკარე ორ კვირაში 23 წლის გახდება, მაგრამ მან უკვე დაამტკიცა, რომ განსაკუთრებით რთული სიტუაციის გადალახვა შეუძლია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან კარიერაში უკვე ჩაატარა უმაღლესი დონის მატჩები, აჩვენა, რომ შეუძლია ზრდა და აჩვენა სიმწიფის დონე, რომელიც როგორც წესი, 22 წლის მეკარეს არ ახასიათებს, ფეხბურთის მსგავსი ზეწოლის მქონე სამყაროში.

მისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო 2021-2022 წლების სეზონში ესპანეთის თასის ფინალი, როდესაც 21 წლის მეკარე საკვანძო მომენტის პირისპირ მარტო აღმოჩნდა - პენალტების სერიაში. მან ხუთიდან ვერც ერთი დარტყმა მოიგერია, რითაც გაჩნდა ეჭვი, რომ ის ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა და წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ პენალტი აეღო, ეს მოხდა საქართველო - ესპანეთამდე ერთი კვირით ადრე, როცა ორი პენალტი მოიგერია „ალავესთან“.

მეკარისთვის კიდევ ერთი დელიკატური მომენტი ამ ზაფხულს იყო. „ვალენსიადან“ მისი წასვლა გადაწყვეტილიც გახლდათ, კლუბი ღია იყო გაეყიდა ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ფინანსურ მოგებას მოუტანდა. ფეხბურთელი მაისში ეროვნულ ნაკრებში წავიდა და დარწმუნებული იყო, რომ „ვალენსიაში“ არ დაბრუნდებოდა, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ მას დაბრუნება მოუწია“, - წერს გამოცემა.

0.114003