რაგბი

16:14 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები | მეორედ ავსტრალიასთან

ბორჯღალოსნები 9 სექტემბერს 2023 წლის მსოფლიო თასის პირველ მატჩს პარიზში, „სტად დე ფრანსეზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება.

ეს არის გ ჯგუფის პირველი შეხვედრა. ამავე ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩში უელსი ფიჯის 10 სექტემბერს ბორდოში, 23 საათზე ერკინება.

საქართველოსთვის ეს მიჯრით მე-6 მსოფლიო თასია. აქამდე ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი 2015 წელს აჩვენა, როდესაც ორი თამაში მოიგო (ტონგასთან და ნამიბიასთან). სამ შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა ჯგუფში თითო თამაში მოიგეს და მხოლოდ პირველ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვერ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

ავსტრალიას ყველა, 9-ვე მსოფლიო თასი აქვს ნათამაშები და ორჯერ გახდა ჩემპიონი – 1991 და 1999 წელს, 2003 და 2015 წელს ფინალში დამარცხდა, 2011 წელს მესამე, ხოლო 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა. „ვოლაბებმა“ ყველა ჯერზე შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდნენ მეოთხედფინალში.

9 მსოფლიო თასიდან ავსტრალიამ ორს უმასპინძლა – პირველ, 1987 წლის მსოფლიოს ახალ ზელანდიასთან ერთად და 2003 წელს დამოუკიდებლად. „კენგურუებმა“ მსოფლიო თასის პირველი მატჩი მხოლოდ ერთხელ, 1995 წელს დათმეს სამხრეთ აფრიკასთან.

განვლილი 5 მსოფლიო თასიდან საქართველომ მხოლოდ ერთხელ, 2015 წელს მოიგო პირველი თამაში – ტონგასთან 17-10.

საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია – 2019 წლის მსოფლიო თასზე და მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27-8 მოიგო. მას შემდეგ, ავსტრალიას ტიერ2-ის წინააღმდეგ აქამდე არცერთხელ არ უთამაშია.

2023 წელს ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5 თამაში ჩაატარა და მართალია ხუთივე წააგო, მაგრამ ყველა ტიერ1-ის გუნდებთან, მაშინ როდესაც საქართველომ წელს 8 თამაშიდან 7 ჩაატარა ტიერ2 გუნდებთან და მხოლოდ ერთი ტიერ1-თან. მთლიანობაში, „ვოლაბებს“ ბოლო 9 შეხვედრაში 8 წაგება აქვთ. ბოლოს მათ 2022 წლის ნოემბერში უელსი დაამარცხეს, რასაც 5-მატჩიანი წაგებების სერია მოყვა. წაგებების ყველაზე ხანგრძლივი სერია ავსტრალიას 2015-2016 წლებში ჰქონდა – ზედიზედ 6 მარცხი.

მსოფლიო თასი დღეს, ჩვენი დროით 23:15 საათზე საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის შეხვედრით იხსნება.

2023 წლის მსოფლიო თასი. I ტური. გ ჯგუფი საფრანგეთი. პარიზი. სტად დე ფრანსე 9 სექტემბერი. 20:00 საქ. დრო ავსტრალია – საქართველო საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. გურამ პაპიძე (პო), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი).

RUGBY.GE

0.115799