რაგბი

14:17 | 8.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა მსოფლიოს თასის პირველ ტურში ავსტრალიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და დასაკარგი არაფერი აქვთ.

„ეს მსოფლიო ჩემპიონატია და ყველა მატჩში მოცემული მომენტისთვის საუკეთესო შემადგენლობა გვეყოლება. მწვრთნელებმა ჩავთვალეთ, რომ ამ წუთისთვის ეს 23 მორაგბე საუკეთესოდაა მომზადებული. ვარჯიშობს, თუმცა რეაბილიტაცია სრულად არ დაუსრულებია ბექა საღინაძეს. პორტუგალიასთან მატჩის კვირაში ის მზად უნდა იყოს.

1 სექტემბერს ერთობლივი. ხარისხიანი ვარჯიში გვქონდა ტონგასთან. ვფიქრობ, ის ორივე გუნდისთვის პროდუქტიული იყო. გაანალიზებული გვაქვს ავსტრალიის თამაში და ვიცით რა უნდა დავუპირისპიროთ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი თამაშის ჩვენებას და შესაძლებლობების გამოყენებას. ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მეტოქეს ხელი უნდა შევუშალოთ.

მიმაჩნია, რომ გუნდი ფიზიკურად კარგადაა მომზადებული და ეს შოტლანდიასთან თამაშმაც დაგვანახა, სადაც სუფთა სათამაშო დრო 38 წუთი იყო და ფიზიკურობის მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. მეორე ტაიმში მიღებული ლელოები იმან განაპირობა, რომ ბურთის ფლობის და ტერიტორიის დაბალი პროცენტული მაჩვენებელი გვქონდა. ავსტრალიასთან დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებთა მატჩი 9 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

0.127619