სხვა

12:20 | 7.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბახი: "იმ რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე მონაწილეობა დასაშვებია, რომლებიც ომს მხარს არ უჭერენ"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის თომას ბახის განცხადებით, ის რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინაში რუსეთის საომარ მოქმედებებს, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა დაუშვან.

"არა მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, ჩვენს რეკომენდაციებზე არსებობს მკაფიო წარმოდგენა: არავითარი გუნდები, ჰიმნები, ყვავილები, რუსეთის და ბელარუსის არანაირი ეროვნული იდენტიფიკაცია. სხვა მხრივ, იმ სპორტსმენებისთვის, რომლებიც მხარს არ უჭერენ საომარ მოქმედებებს და კავშირში არ არიან რუსეთში ან ბელარუსში სამხედრო ან სხვა სამსახურებთან, არსებობს ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის შესაძლებლობები," - განმარტავს IOC-ის პრეზიდენტი.

თომას ბახის ამ განცხადებას წინ უძღოდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადება, რომ უკრაინა და 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მზად არის ბოიკოტი გამოუცხადოს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს, თუ მასში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან.

"ერთის მხრივ გვყავს რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ჩვენ უარვყოფდეთ დანარჩენ მსოფლიოს. მეორეს მხრივ, არის უკრაინის მთავრობა, რომელიც რუსეთის პასპორტის მქონეთა სრულ იზოლაციაზე აცხადებს, რაც ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, შეუძლებელია," - დასძინა თომას ბახმა.

IOC-ის პრეზიდენტი ასევე სურვილს გამოთქვამს, პარიზის თამაშებზე იხილოს უკრაინის ძლიერი ნაკრები.

GEONOC.ORG.GE

0.12048