იტალიის სერია A-ს მესამე ტურში „ტორინომ“ „ჯენოა“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ნემანია რადონიჩმა გაიტანა.
საბა საზონოვის დებიუტი სამომავლოდ გადაიდო. ტურინელთა ქართველი ახალწვეული სათადარიგო სკამზე იყო, მაგრამ ივან იურიჩს მისთვის თამაშის შესაძლებლობა არ მიუცია, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საბა მხოლოდ რამდენიმე დღეა „ხარებს“ შეუერთდა. „ტორინოს“ 4 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 სექტემბერს, „სალერნიტანას“ ესტუმრება.
დღესვე, მილანის „ინტერმა“ ფლორენციის „ფიორენტინა“ 4:0 გაანადგურა. სიმონე ინძაგის გუნდმა სეზონი დიდებულად დაიწყო, სამივე მატჩი მოიგო დამაჯერებლად, გოლიც არ გაუშვია. დუბლი შეასრულა ლაუტარო მარტინესმა, რომელიც 5 გოლით ბომბარდირებში უკვე ლიდერია. თითოჯერ თავი მარკუს ტურამმა და ჰაკან ჩალჰანოღლუმ გამოიჩინეს. „ინტერი“ მომდევნო ტურში „მილანში“ შეხვდება. მხოლოდ ეს ორი გუნდია სერია A-ში, რომელსაც სამ ტურში ქულა არ დაუკარგავს.