ნიდერლანდების ერედივიზიონის მეოთხე ტურში ამსტერდამის „აიაქსი“ „ფორტუნა სიტარდს“ ესტუმრა და უგოლოდ დაუზავდა - 0:0, გიორგი მიქაუტაძეს კი დებიუტი ჰქონდა.
ძალიან უხარისხო თამაში იყო, რომლის შედეგი ძალიან ლოგიკურია. „სიტარდს“ უფრო შეეძლო მოგება, რადგან მატჩის დასაწყისშივე პენალტი ვერ გამოიყენა.
მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ძალიან ჩრდილში იყო. ეს არც ყოფილა მოულოდნელი: ჯერ ერთი გიორგი 4 დღეა გუნდშია, მეორეც, თუ „მეცში“ უპირობო ლიდერი გახლდათ და ყველა შეტევა მასზე იყო აგებული, „აიაქსში“ ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მეტიც, „აიაქსში“ გიორგი ფორვარდის პოზიციაზე არ განიხილება, არადა, ის სწორედ იქ გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად. ამსტერდამელებს სტივენ ბერგვაინი და ბერგუისი ჰყავთ ტრავმირებული, მათი დაბრუნების შემდეგ კონკურენცია გაიზრდება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის ბრძოლა იქნება საჭირო.
„სიტარდთან“ გიორგის ერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, ისიც ინდივიდუალურად შეიქმნა, როდესაც ორი მეტოქე მოატყუა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ივარგა. ეს 81-ე წუთზე მოხდა. პრინციპში, მორის სტეინის გუნდს მეტი რეალური მომენტი მთელი თამაში არც ჰქონია.
მოკლედ, დებიუტი არ იყო იდეალური, „აიაქსს“ კი სერიოზული პრობლემები აქვს, გუნდი ძალიან არაორგანიზებულ და ქაოტურ ფეხბურთს თამაშობს. ამსტერდამელებს სამ მატჩში მოპოვებული 5 ქულით მე-11 ადგილი უკავიათ, 17 სექტემბერს კი, „ტვენტეს“ ესტუმრებიან.