იტალიის მოქმედი ჩემპიონი „ნაპოლი“ მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. რუდი გარსიას გუნდმა საწყის ორ ტურში მოგების შემდეგ საკუთარ მოედანზე რომის „ლაციოსთან“ წააგო.
„ლაციოსთან“, რომელმაც წინა ორი მატჩი „ლეჩესა“ და „ჯენოას“ წინააღმდეგ განიცადა მარცხი. მაურიციო სარის გუნდმა ნეაპოლში წინა სეზონშიც მოიგო და ამჯერად 3 ქულით მოახერხა შინ დაბრუნება.
„ლაციო“ 30-ე წუთზე ლუის ალბერტომ დააწინაურა, რომელმაც ანგარიში ქუსლით გატანილი ეფექტური გოლით გახსნა, რასაც ორ წუთში პიოტრ ჟიელინსკიმ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დასაწყისში რომაელებმა დაიჩი კამადას გოლით მეორედ შეძლეს წინ გასვლა და ეს გადამწყვეტი გოლი გამოდგა. აღსანიშნავია, რომ 67-ე და 71-ე წუთზე „ლაციოს“ კიდევ ორი გოლი არ ჩაუთვალეს.
ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში, მან 66-ე წუთამდე ითამაშა და შემდეგ გარსიამ თამაშში ჯაკომო რასპადორის ჩართვა ამჯობინა. მატჩის დასაწყისში კვარას ორჯერ ჰქონდა საგოლე მომენტი: ჯერ მცველი აღუდგა მის სახიფათო დარტყმას, მერე მეკარე - ივან პროვედელიმ კუთხურზე ეფექტურ ნახტომში მოიგერია ბურთი. ხვიჩას მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი.
„ნაპოლი“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 სექტემბერს, სტუმრად „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
დღესვე, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" სტუმრად "უდინეზეს" უგოლოდ დაუზავდა და სამ ტურში უკვე 4 ქულა აქვს მოპოვებული. თუმცა, ქართველი ნახევარმცველი, როგორც წინა ტურში, ამჯერად სათადარიგო სკამზე დარჩა.