„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ლაციოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას კონდიციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კარგადაა, მაგრამ არ გაამხილა, ითამაშებს თუ არა, პირველივე წუთიდან.
„დიახ, კვარა კარგადაა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი სრული კვირა ევარჯიშა და ვნახოთ, ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ სათადარიგო სკამზე, მეტოქეებს არანაირ ინფორმაციას არ ვაძლევთ.
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ უარესიც. ორმაგად მიხარია მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა, პირველ რიგში იმიტომ, რომ დიდი გუნდია, მეორეც იმიტომ, რომ 2016 წელს, „რომასთან“ ერთად მის წინააღმდეგ თამაშის უფლება მოვიპოვე, თუმცა, სანამ ეს მატჩი მოვიდოდა, გამათავისუფლეს.
„ლაციო“ ხარისხიანი მეტოქეა, რომელსაც ქულები სჭირდება, რადგან პირველ-ორ ტურში დამარცხდა. არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ, ტაქტიკური თვალსაზრისით, შესაძლოა, მეტოქე ჩაიკეტოს. ჯერ 100%-ით მზად არ ვართ, რადგან ზოგიერთმა ფეხბურთელმა მომზადება გვიან დაიწყო”, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩი 2 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.