კალათბურთი

15:36 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "არ ვიცი, მეორე ტაიმში რა მოხდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გერმანიის ნაკრებთან მარცხის (73:100) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეორე ტაიმში არ იცის რა მოხდა, ძალიან ნელ ტემპში ითამაშეს და კონცენტრაციაც დაკარგეს.

„პირველ რიგში, გერმანიას ვულოცავ, რომელმაც მოგება დაიმსახურა. მეტოქემ უკეთ ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. არ ვიცი, რა მოხდა მეორე ნახევარში, დაბალი ინტენსივობით თამაში დავიწყეთ, ადვილად ვასროლინებდით ბურთს მეტოქეს და სამქულიანებში თავდაჯერება მოემატათ. ეს იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ვამაყობ ჩემი კალათბურთელებით, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიოს ჩემპიონატზე. თორნიკე შენგელიას პრობლემა ჰქონდა, ამ მატჩში მისი მონაწილეობაც სარისკო იყო, მის მდგომარეობას შევაფასებთ, ჯერ არ ვიცი, რამდენად სერიოზულია ტრავმა. მეორე ნახევარში დიდი ენერგია დავხარჯეთ.

ამით ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი არ სრულდება, ვიბრძოლებთ, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ზოგჯერ არის ცუდი, მაგრამ ზოგჯერ არის კარგი მომენტებიც და კმაყოფილები ვართ, რომ 16 გუნდში გავედით. დღეს ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, ისინი ძალიან კარგად ისვრიან, ისევ ვიმეორებ, მე ძალიან ვამაყობ ჩვენი კალათბურთელებით.

ავსტრალია ძალიან ძლიერია, 9 კალათბურთელი ჰყავს NBA-დან, ისინი ძალიან სწრაფ და ლამაზ კალათბურთს მარტივად თამაშობენ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება, თუმცა ჩვენ უნდა ვცადოთ საუკეთესოს ჩვენება და დავინახოთ სად ის თუ სად ვართ. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ დანებებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, უნდა ვიზეიმოთ ის, რომ ტოპ 16-ში ვართ და ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციოზე გავედით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველას ოცნებაა და იმედი მაქვს, ამ ტურნირზეც ვითამაშებთ“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებთა მატჩი 3 სექტემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გაიმართება.

0.131815