ფეხბურთი

0:50 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ ახალი სეზონი საგოლე პასით დაიწყო, "ნაპოლი" უდანაკარგოა

19 მარტიდან დაწყებული მშრალი სერია შეწყდა: ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი საგოლე პასით გახსნა, „ნაპოლიმ“ კი სერია A-ში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა.

ხვიჩამ 61-ე წუთიდან ითამაშა და მოედანზე გასვლიდან სამი წუთიც არ იყო გასული, შედეგიანი გადაცემა რომ მიითვალა. ქართველმა მეკარესთან პირისპირ კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო დატოვა და მანაც ივარგა. მანამდე „ნაპოლი“ უკვე იგებდა, მე-16 წუთზე ვიქტორ ოსიმენის პენალტით. 52-ე წუთზე „სასუოლო“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, სულ მალე კი ჯაკომო რასპადორიმ პენალტი კარს ააცილა. მერე ხვიჩა გავიდა მინდორზე და დი ლორენცოს გოლში დიდი წვლილი შეიტანა.

კვარაცხელიას გოლი 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია, მაგრამ საგოლე პასების მშრალი სერია შეწყდა, რომელიც ასევე 19 მარტიდან იღებდა სათავეს.

მატჩამდე რუდი გარსიამ განმარტა, რატომ არ იყო ძირითადში ხვიჩა. აღნიშნა, რომ ტრავმის გამო მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი ვარჯიში გაუცდა, ამიტომ ამჯობინა მეორე ტაიმისთვის შეენახა, იმ იმედით, რომ განსხვავებას მოახდენდა, რაც კვარამ მოახერხა - ოსტატური პასი გააკეთა.

„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი, 3 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ გამართავს.

„ნაპოლი“ – „სასუოლო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ოსიმენი (16, პენ), 2:0 დი ლორენცო (64)

0.192678