საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზონოვის შეძენით „უდინეზეა“ დაინტერესებული.
როგორც „სპორტ-ექსპრესი“ იტყობინება, უდინელებმა რუსულ კლუბს 2 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს, თუმცა ჯერ მოსკოველთა პასუხი ამ წინადადებაზე უცნობია. აღსანიშნავია, რომ მანამდე „ლიონი“ საბაში 3 მილიონს იხდიდა, მაგრამ ეს ტრანსფერი მაინც არ შედგა.
გარდა ამისა, საზონოვს უკავშირებენ ზაგრების „დინამოსაც“. ზოგადად, ქართველი მცველი მიმდინარე ზაფხულს არაერთ კლუბთან დააკავშირეს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით, ისევ „დინამოს“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში 2022 წლიდან თამაშობს და ორი მატჩი ჩაატარა. მან ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც 4 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.