ფეხბურთი

1:15 | 21.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ლამაზად დაიწყო

იტალიის სერია A-ს ახალი სეზონი ტურინის „იუვენტუსმა“ დამაჯერებლად დაიწყო და ისეთი თამაში აჩვენა, გასულ სეზონში რომ არ უჩვენებია.

თუმცა, ეს მხოლოდ პირველ ტაიმზე ითქმის, რომელშიც მასიმილიანო ალეგრის გუნდი აბსოლუტური დომინანტი იყო და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, თანაც ლამაზი კომბინაციებით. ანგარიში მეორე წუთზე ფედერიკო კიეზამ გახსნა ეფექტური დარტყმით. ცოტა ხანში ტურინელებმა პენალტი მოიპოვეს და დუშან ვლაჰოვიჩმა სხვაობა გაზარდა.

ტაიმის მიწურულს „ბებერი ქალბატონის“ ბრწყინვალე კომბინაცია გოლით ადრიენ რაბიომ დაასრულა, რომელმაც ანდრეა კამბიაზოს შესანიშნავი პასის მერე იხეირა.

მეორე ტაიმში „იუვეს“ შეტევაზე არც უფიქრია, ენერგიას ზოგავდა და შედეგის შენარჩუნებაც შეძლო. „იუვენტუსი“ სერია A-ს მეორე ტურში 27 აგვისტოს, „ბოლონიას“ უმასპინძლებს.

„უდინეზე“ – „იუვენტუსი“ 0:3 (0:3)

გოლები: 0:1 კიეზა (2), 0:2 ვლაჰოვიჩი (20, პენ), 0:3 რაბიო (45)

0.121186