რაგბი

13:05 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი: "ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, ანალიზისთვის კარგი თამაში გამოვიდა"

ამერიკის ნაკრებთან (22:7) მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა. მისი თქმით, გამარჯვება სასიხარულოა, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში იყო წუნიც, რომელსაც აუცილებლად გამოასწორებემ.

"ტექნიკური წუნი ორივე ტაიმში გვქონდა, რაც ალბათ სიჩქარითაც იყო გამოწვეული. ანალიზისთვის ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. გამარჯვებას საფრთხე არცერთ წამს დამუქრებია, თუმცა ემოციის და ტემპის კონტროლი ისეთი ვერ იყო როგორიც გვსურდა. შემადგენლობაში გვქონდა ბევრი ცვლილება და ისეთმა მორაგბეებმა ითამაშეს, რომლებიც ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ დაუბრუნდნენ მოედანს. მეტოქემ საფრთხე ვერ შეგვიქმნა, უბრალოდ შეტევაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. არ მინდა ვიფიქრო, რომ რუმინეთთან დიდი სხვაობით მოგების შემდეგ მეტოქე არ დავაფასეთ. სამწუხაროდ ყოველთვის არ გამოდის სანახაობრივი თამაში“.

„რაც შეეხება პოზიტივს, მეტოქის მოლი ყველა ჯერზე კარგად გავაჩერეთ, შეტევის მოლში კი თავიდან გაგვიჭირდა, მერე კი შევძელით ლელოს გატანა. აშშ-სთან წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, მოლში ყოველთვის გვიჭირდა, ახლა კი ამ კომპონენტში უკეთესები ვიყავით. ასევე პოზიტივი იყო ტრავმირებული მორაგბეების დაბრუნება. გვინდოდა მაყურებლისთვის უკეთესი სანახაობა გვეჩვენებინა, თუმცა კარგია, რომ შოტლანდიის წინ ასეთი მძიმე თამაში გვქონდა“.

„დაცვის კუთხით ორივე თამაში კარგად ჩავატარეთ. დღეს ისეთი შეცდომა დავუშვით, როგორსაც როგორც წესი არ ვუშვებთ ხოლმე. შეცდომები უფრო შეტევაში დავუშვით, სადაც ჩემი აზრით ზედმეტად ვჩქარობდით ქულების აღებას. დიდი იმედი მაქვს ჩვენი კონტრშეტევები ძალიან სახიფათო იქნება.

„თედო აბჟანდაძის რეაბილიტაცია კარგად მიდის და სამშაბათს გადაწყდება ითამაშებს თუ ვერა შოტლანდიის წინააღმდეგ. დიდი ალბათობით დაგვაკლდებიან ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე და გიორგი ჭყოიძე, თუმცა ავსტრალიასთან სათამაშოდ ყველა მზად უნდა იყოს. შოტლანდიაში 36 მოთამაშით მივდივართ, საიდანაც მსოფლიო თასისთვის 33-ს შევარჩევთ“.

„დღეს რუმინეთზე მეტი მაყურებელი მოვიდა. ვფიქრობ რომ ნელ-ნელა მაყურებელიც ეჩვევა ჩვენს გულშემატკივრობას. ვისურვებდი, რომ სტადიონი ბოლომდე სავსე ყოფილიყო. ჩვენთვის გულშემატკივარი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია", - თქვა მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები 26 აგვისტოს, კიდევ ერთ შეხვედრას მარიფილდზე, შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, უშუალოდ მსოფლიო თასზე კი პირველ თამაშში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111943