რაგბი

12:37 | 20.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

შარიქაძე: "ამ თამაშმა ერთი პოზიტივი დაგვანახა - აშშ-ს დამაჯერებლად მოვუგეთ, თუმცა უფრო მეტი გვინდა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე სამშობლოში ბოლო ტესტ მატჩი ჩაატარა. ბორჯღალოსნებმა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები 22:7 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ეროვნული გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ გააკეთა:

„გული მწყდება რომ ქულების აღების ძალიან ბევრი შესაძლებლობა ხელიდან უმეტესად ტექნიკური წუნის გამო გავუშვით. ერთი-ორი ეპიზოდი მაინც რომ გამოგვეყენებინა, მერე მეტოქეს ჩვენი შეჩერება ძალიან გაუჭირდებოდა. მაგრამ რაგბი ზუსტად ესაა – ერთმა პატარა მომენტმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. ვფიქრობ, ასეთი მომენტი იყო მატჩის დასაწყისში ჯარიმების არ დარტყმა. როგორც რუმინეთთან, აქაც უნდა დაგვერტყა ჯარიმები და 6 ქულა რომ აგვეღო, თამაში სავარაუდოდ სხვა მიმართულებით წავიდოდა“.

„ამ თამაშმა ერთი დიდი პოზიტივი დაგვანახა. აშშ-სთან 4-ჯერ მაქვს ნათამაშები, საიდანაც ორი მოვიგეთ და 2 დავთმეთ. ყველა შეხვედრაში ბოლომდე იყო ბრძოლა. ახლა იმავე აშშ-ს დამაჯერებლად მოვუგეთ, თუმცა უფრო მეტი გვინდა და ეს იმაზე მეტყველებს რომ, გავიზარდეთ", - განაცხადა შარიქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მორაგბეები 26 აგვისტოს, კიდევ ერთ შეხვედრას მარიფილდზე, შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებენ, უშუალოდ მსოფლიო თასზე კი პირველ თამაშში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

0.114675