ფეხბურთი

23:56 | 19.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

„დინამომ“ „სამგურალი“ გაანადგურა. „ბათუმი“ მარცხს 98-ე წუთზე გადაურჩა

შაბათს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 22-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თბილისის „დინამომ“ შინ „სამგურალი“ 5:2 დაამარცხა და ცხრილში ადგილი გაუცვალა. ახლა 40-ქულიანი „დინამო“ მესამე პოზიციაზე დგას, „სამგურალი“ - მეოთხეზე.

დინამოელთაგან ჰეთ-თრიქი შეასრულა სერბმა ზორან მარუშიჩმა, თითოც ულად-ომარ იმრანმა და დავით სხირტლაძემ გაიტანეს. წყალტუბოელთაგან თავი იაპონელმა ტაიკი კაგაიამამ და ნიკა ხორხელმა გამოიჩინეს.

საინტერესოა, რომ მე-7 წუთზე სტუმარმა ნიკა კალანდარიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა.

„სამგურალს’’ საზაფხულო პაუზა ნამდვილად არ მოუხდა. გიორგი ჭელიძის შეგირდებმა მიჯრით მეორე თამაში წააგეს. მანამდე კი „გაგრასთან“ ფრედ დაასრულეს შეხვედრა.

ლიდერმა „ბათუმმა“ შინ ერთ-ერთ ატსაიდერს, „სამტრედიას“ ვერ აჯობა - 1:1. მეტიც, ზღვისპირელები სასწაულით გადაურჩნენ წაგებას. სამტრედიელები აბდულა ხაიბულაევის გოლით იგებდნენ და ბათუმელთა ბრაზილიელმა, ჯოვინო ფლამარიონმა, 98-ე წუთზე გაათანაბრა...

„ბათუმმა“ 46 ქულა მოაგროვა და კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს.

0.114892