საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ ამხანაგური მატჩი აშშ-ს ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე 22:7 დაამარცხა, თანაც მსოფლიო თასის წინ კარგი სპარინგი გაიარა.
„ბორჯღალოსნებმა“ საკმაოდ ძლიერ მეტოქეს აჯობა და ბევრ ასპექტში დაჯაბნა. შედეგიც ლოგიკურია. ანგარიში აკა ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რომელიც ლელოებით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია. მალევე შალვა მამუკაშვილმა მეორედ დაამიწა ბურთი ჩათვლის მოედანში, რომელიც ლუკა მატკავამ გარდასახა. პირველ ტაიმში ამერიკელებმა ქართველთა ორ ლელოს ერთი გარდასახული ლელოთი უპასუხეს.
მეორე ნახევარში აშშ-ს ნაკრებმა მონაგარს ვერაფერი შემატა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა თითო ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალა. დავით ნინიაშვილმა დაბრუნება ლელოთი აღნიშნა, ხოლო მატკავამ გარდასახვა და ჯარიმა გაიტანა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისში ჩატარებული ორივე ამხანაგური მატჩი: ახლა აშშ-სთან და ერთი კვირის წინ რუმინეთთან.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტ-მატჩს 26 აგვისტოს გამართავს და „მარიფილდზე“ შოტლანდიას ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, უელსის, ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველო - აშშ 22:7 (12:7)
ქულები: 5:0 ტაბუცაძე (11), 10:0 მამუკაშვილი (28), 12:0 მატკავა (29), 12:5 დე ჰაასი (31), 12:7 ქერთი (32), 17:7 ნინიაშვილი (46), 19:7 მატკავა (47), 22:7 მატკავა (60)