საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცმა“ „მარსელს“ უმასპინძლა და ქულა მოიპოვა, გიორგი მიქაუტაძემ კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც წინა ტურში „რენთან“ საგოლე პასი გააკეთა, ამჯერად ლიგა 1-ში სადებიუტო გოლიც მიითვალა და შესანიშნავი თამაში ჩაატარა.
ანგარიში „მარსელმა“ მე-14 წუთზე გახსნა და ტაიმი მოიგო. 48-ე წუთზე კი გათანაბრებასთან ახლოს 22 წლის ქართველი ფეხბურთელი იყო, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაში დარჩა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და მეკარემ, პაუ ლოპესმა აჯობა. 10 წუთში „მეცს“ ფეხბურთელი გაუძევეს და კაცნაკლული დარჩა, რამაც „მარსელის“ შანსი გაზარდა.
თუმცა, 10-კაციანმა „მეცმა“ მარსელინო ტორალის გუნდს 2 გოლი გაუტანა! 65-ე წუთზე შეიკ საბალიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 71-ე წუთზე მიქაუტაძის ჯერი დადგა, რომელმაც თანაგუნდელები დააწინაურა. ეს გიორგის პირველი გოლია ლიგა 1-ში და გია გურულის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში გოლი გაიტანა.
81-ე წუთზე საქართველოს ნაკრების წევრს დუბლამდე, თანაც ფანტასტიკურ გოლამდე ცოტა დააკლდა. მან ეფექტურად მოატყუა მცველი, მაგრამ დარტყმა ლოპესმა მოიგერია და ანგარიში უცვლელი დარჩა. 82-ე წუთზე უკვე „მარსელმა“ გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.
მიქაუტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს. ქართველის აქტივში მიმდინარე სეზონის ორ მატჩში თითო გოლი და საგოლე პასია. „მეცი“, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო შეხვედრას 27 აგვისტოს, სტუმრად „კლერმონის“ წინააღმდეგ გამართავს.