ფეხბურთი

11:43 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "გუნდისგან მოტივაციის ნაკლებობის განცდა ადრე მქონდა, ამჯერად ასე არ ყოფილა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „სევილიასთან“ გამარჯვებისა და ევროპის სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, წარსულში ჰქონდა გუნდისგან მოტივაციის ნაკლებობის განცდა, მაგრამ ამჯერად ეს შეგრძნება არ ჰქონია.

„ედერსონმა რამდენჯერმე გადაგვარჩინა. გასულ კვირაში „არსენალთან“ პენალტებში წავაგეთ, მაგრამ ამჯერად მოვიგეთ. კოულ პალმერისთვის მსგავს ფინალში თამაში ადვილი არ იყო, თუმცა შესანიშნავად ითამაშა.

შესაძლოა, ენ-ნესირმა ცუდად დაარტყა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ედერსონმა გადაგვარჩინა. მეორე ტაიმის პირველი წუთების შემდეგ ვიპოვეთ ჩვენი თამაში, უფრო ვაკონტროლებდით შეხვედრას. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ვიგრძენით, რომ გუნდი, რომელსაც გოლის გატანა კიდევ შეეძლო, ჩვენ ვიყავით.

„სევილიას“ არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ჰყავს, შესანიშნავი მეკარე და ფლანგის გამოცდილი მცველები. ისინი შეტევაშიც სახიფათონი არიან. წარსულში მქონდა განცდა მოტივაციის ნაკლებობის შესახებ, მაგრამ დღეს ეს განცდა არ მქონია. ნამდვილად გვიხარია, რომ ეს თასი მოვიგეთ. ახლა შემდეგი ტიტულის მოსაგებად მოვემზადებით საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ ევროპის სუპერთასი მეოთხედ მოიგო. მან ეს სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად გააკეთა („ბარსელონა“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“), რაც რეკორდია. „სიტიმ“ ევროპის სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიგო.

0.121185