ფეხბურთი

10:25 | 17.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

4 ქართველი ფეხბურთელი იტალიაში: მიზნები და მოლოდინები ახალ სეზონში

2023-2024 წლების სეზონში იტალიაში ოთხი ქართველი ითამაშებს. ტოპსაფეხბურთო ქვეყნებში საქართველოს ამაზე მეტი წარმომადგენელი ახალ სეზონში არ ეყოლება.

ორი ფეხბურთელი სერია A-ში იქნება - ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და გიორგი კვერნაძე (ფროზინონე). ცხადია, ამ შემთხვევაში ნათელია, როგორც კლუბების, ისე ქართველი შემტევების მიზანი: „ნაპოლი“ ტიტულის შენარჩუნებას ეცდება, „ფროზინონე“ - ლიგაში დარჩენას. თავის მხრივ, კვარას მიზანი ცალსახად იქნება, რომ ის სიმაღლე შეინარჩუნოს, რომელსაც გასულ სეზონში მიაღწია, რაც იოლი არ იქნება, რადგან ქართველი სადებიუტო წელსვე სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და თამასა ძალიან მაღლა ასწია. თუმცა, კვარას ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ სულ მცირე ისეთივე წარმატებული სეზონი ჩაატაროს, როგორიც წინა ჰქონდა.

მეორეს მხრივ, კვერნაძეს იტალიაში ყველა „ახალ კვარას“ უწოდებს, მაგრამ მას ჯერ „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაშიც არ აქვს ადგილი გარანტირებული და ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. რაც მთავარია, ხვიჩა იტალიაში უფრო მყარი ნიადაგით გადავიდა, უფრო გამოცდილიც იყო, გიორგის შემთხვევაში ასე არ არის, მისი გზა დიდი ფეხბურთისკენ მხოლოდ ახლა იწყება, მაგრამ ნათელია, რომ მას შეუძლია „ფროზინონეში“ თავისი სიტყვა თქვას და გუნდს მიზნის მიღწევაში, ანუ, სერია A-ში დარჩენაში დაეხმაროს.

მეორე მხრივ, უფრო გვინდა ყურადღება გავამახვილოთ სერია B-ზე, სადაც ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) და ივა გელაშვილი (სპეცია) ითამაშებენ. სერია B ცხადია დონით სერია A-ს ვერ შეედრება, მაგრამ სულაც არ არის ხელწამოსაკრავი ლიგა, მით უფრო, თუ საქმე მცველებთან გვაქვს. ლუკასთვის და ივასთვის დიდი გამოცდილება უნდა იყოს ისეთ ხისტ ლიგაში თამაში, როგორიც იტალიის სერია B გახლავთ, სადაც წინასწარ ფავორიტის დასახელება რთულია.

ლოჩოშვილის „რაიო ვალეკანოში“ ტრანსფერზე ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ თუ 31 აგვისტომდე არაფერი შეიცვალა, ქართველი მცველი კრემონაში დარჩება, გუნდი, რომელიც ახლახან დაემშვიდობა სერია A-ს. მთავარი მწვრთნელი ისევ დავიდე ბალარდინია, რომელმაც გუნდი იანვარში ჩაიბარა, შესაბამისად, ლუკას უკე კარგად იცნობს. წესით, ქართველი ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრება, თუმცა, პრესეზონზე ბალარდინი უფრო როტაციას მიმართავდა. სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში იტალიის თასზე (კროტონესთან) ქართველი ძირითადში იყო, თუმცა შესვენებაზე შეცვალეს.

„კრემონეზე“ 2 ცენტრალური მცველით თამაშობს, წესით ლუკას კონკურენტი ლუკა რავანელი იქნება, რადგან ორივე მარცხენა ცენტრალური მცველია. აღსანიშნავია, რომ კრემონელებმა წინა სეზონის შემადგენლობა პრაქტიკულად შეინარჩუნეს (მარკო კარნეზეკის და სირილ დესერსის გამოკლებით), საინტერესო შევსებაც მიიღეს, მაგალითად, გამოცდილი არგენტინელი ფრნაკო ვასკესი დაიმატეს. წესით, „კრემონეზე“ სერია A-ს საგზურისთვის მებრძოლთა შორის უნდა ვიხილოთ. ეს გუნდი პირველ ტურში 19 აგვისტოს, „კატანძაროს“ უმასპინძლებს.

ივა გელაშვილის ტრანსფერი „სპეციაში“ ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. 22 წლის მცველი ლიგურიელებს შეუერთდება, რომელსაც მასიმილიანო ალვინი წვრთნის. ალვინი გასულ სეზონში იანვრამდე „კრემონეზეში“ მუშაობდა და ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერიც მისი მოთხოვნა იყო - ის ქართველს მუდმივად ათამაშებდა და იმედია, გელაშვილსაც გამოუცხადებს ნდობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ივას მაღალ დონეზე თამაში რომ შეუძლია, ეს ძალიან კარგად წარმოაჩინა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც ნამდვილად გამორჩეული იყო.

„სპეციამ“ ბოლო სამი სეზონი სერია A-ში გაატარა, თუმცა, ივნისში პლეი-აუტში „ვერონასთან“ 1:3 წააგო და გავარდა. ლიგურიელებმა გუნდის ლიდერი მბალა ნ’ზოლა დაკარგეს, რომელიც „ფიორენტინაში“ გადავიდა, თუმცა, ფეხბურთელთა უმეტესობა შეინარჩუნეს და წესით, მანაც უნდა იბრძოლოს სერია A-ში დასაბრუნებლად. იტალიის თასზე „ვენეციასთან“ მატჩამდე („სპეციამ“ პენალტებში მოიგო), ალვინიმ ღიად თქვა, რომ შემადგენლობას ერთი ცენტრალური მცველი აკლია. ახლა უკვე პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ამ სიცარიელეს გელაშვილი ამოავსებს. „სპეცია“ სერია B-ს პირველ ტურში 20 აგვისტოს, „სუდტიროლს“ ეთამაშება.

„სპეცია“ და „კრემონეზე“ ერთმანეთს 4 ნოემბერს (კრემონაში) და 20 იანვარს (ლა სპეციაში) შეხვდებიან. „სპეციას“ დაცვის ცენტრში კონკურენცია არის, მაგრამ არა ისეთი, რომ გელაშვილს თავისი შანსი არ მიეცეს. სხვათა შორის, ივა საქართველოსთან ერთად ჩეხეთის მოქალაქეა, შესაბამისად, იტალიაში ევროკავშირის წევრის სტატუსით ითამაშებს, რაც ასევე არის დამატებითი პლუსი.

„კრემონეზემ“ და „სპეციამ“ წესით, სერია A-ში დასაბრუნებლად უნდა იბრძოლონ, მაგრამ სერია B-ში სხვა კარგი გუნდებიც არიან - „სამპდორია“, „პარმა“, „ბარი“, „პალერმო“, მთავარი კონკურენტები ალბათ ეს გუნდები იქნებიან.

სერია B-დან სერია A-ში პირდაპირ საუკეთესო ორი გუნდი გადავა, მესამე-მერვე პოზიციაზე გასული გუნდები პლეი-ოფში ბრძოლას დარჩენილი ერთადერთი საგზურისთვის გააგრძელებენ.

0.115165