ფეხბურთი

1:09 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ ლიგა 1 უღიმღამოდ და უგოლოდ დაიწყო, წინ მიქაუტაძის და "მეცის" მატჩია

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1 ცუდად დაიწყო. ლუის ენრიკეს ოფიციალური ფრანგული დებიუტი ნამდვილად არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ისურვებდა.

პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლორიანს“ ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა. თან ისე, რომ მოგება დიდად არც დაუმსახურებია. მაგალითად, მეორე ნახევარში პარიზელებმა კარშიც ვერ დაარტყეს და არც პირველ ტაიმში ჰქონიათ გასაოცარი უპირატესობა. ცხადია, „ლორიენთან“ ნულოვანი ფრე, მოსაწონი შედეგი ვერ არის.

სხვათა შორის, პსჟ-ს განაცხადში არ იყვნენ ნეიმარი, მარკო ვერატი და კილიან მბაპე. სამივეს მომავალი გაურკვეველია. ბრაზილიელს და იტალიელს გუნდიდან წასვლა სურთ, ფრანგს დარჩენა უნდა, მაგრამ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და კლუბს დასჯილი ჰყავს...

ამრიგად, ლიგა 1 სენსაციით დაიწყო, თუმცა, ჩვენთვის ყველაზე საინტერესო 13 აგვისტოს გასამართი მატჩია: „რენი“ – „მეცი“, სადაც გიორგი მიქაუტაძის ტოპლიგაში გამოჩენას ველოდებით. მას ლიგა 1-ში აქამდეც უთამაშია, 2019-2020 და ასევე 2021-2022 წლების სეზონში, მაგრამ სულ ორი მატჩი და ჯამში 8 წუთი. ასე რომ, გიორგის ტოპლიგური კარიერა დღეიდან იწყება.

0.114886