ფეხბურთი

0:39 | 13.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმოს ჰეთ-თრიქი მიუნხენში: "ლაიფციგმა" გერმანიის სუპერთასი მოიგო

გერმანიაში სეზონი სუპერთასით გაიხსნა, რომელიც „ლაიფციგმა“ მოიგო. მარკო როზეს გუნდი, როგორც თასის მოქმედი მფლობელი ჩემპიონ „ბაიერნს“ მიუნხენში ეწვია და 3:0 აჯობა.

„ალიანც არენაზე“ დიდი მოლოდინი იყო, ჰარი კეინის დებიუტი შედგა, რომელიც 24 საათიც არ იყო გასული, რაც გუნდს შეუერთდა და მოედანზე გავიდა. ის თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ „რეკორდმაისტერი“ ტიტულის დაკარგვისგან ვერ იხსნა. არადა, რომ მოეგოთ, ეს იქნებოდა კეინის პირველი ტიტული კარიერაში, „ბაიერნში“ პირველივე დღეს... დებიუტი ჰქონდა კიმ მინ-ჯესაც, რომელმაც მეორე ტაიმში მატაის დე ლიხტი შეცვალა და ნიდერლანდელზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

მატჩს მაინც სხვა გმირი ჰყავდა, ლაიფციგელი დანი ოლმო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა! ესპანელმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნა ახლო მანძილიდან, ტაიმის ბოლოს კი, ოლმომ შედევრი შექმნა, როდესაც დე ლიხტი საოცარ სტილში მოატყუა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. მეორე ტაიმში მან მესამედ დაამწუხრა სვენ ულრაიხი, ამჯერად პენალტით და თამაშს ყოველგვარი ინტრიგა მოუკლა.

ამრიგად, „ბაიერნმა“ სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, ტიტულიც დაკარგა და შინ 0:3 წააგო, რაც არ არის ხშირი შემთხვევა. „ლაიფციგმა“ პირიქით - დიდებულად და ისტორიაში პირველად გერმანიის სუპერთასს დაეუფლა.

„ბაიერნი“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:2)

გოლები: 0:1 დანი ოლმო (3), 0:2 დანი ოლმო (44), 0:3 დანი ოლმო (68, პენ)

0.114595