საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში ამხანაგური მატჩი რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარა, რომელსაც პრობელმების გარეშე, 56:6 მოუგო და ამ გუნდებს შორის ტრადიციულ „ანთიმოზ ივერიელის“ თასსაც დაეუფლა.
ლევან მაისაშვილის გუნდს სტუმრებმა წინააღმდეგობა მხოლოდ ნახევარი საათი გაუწიეს, როდესაც ანგარიში 13:6 იყო, შემდეგ კი, „ბორჯღალოსნების“ შეჩერება ვლახებმა ვერაფრით მოახერხეს. პირველივე ტაიმში ქართველი მორაგბეების უპირატესობამ 19 ქულა შეადგინა, ხოლო მეორე ნახევარში ქულებს მხოლოდ მასპინძლები აგროვებდნენ.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 8 ლელო მიითვალა, მაშინ როდესაც რუმინეთის ნაკრების მონაგარი მხოლოდ ორი ზუსტი ჯარიმა იყო.“ბორჯღალოსნებში“ ყველაზე შედეგიანი ლუკა მატკავა იყო, რომელმაც თავის გუნდს 21 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ რუმინეთს სარეკორდო სხვაობით აჯობა. "ბორჯღალოსნების" ისტორიაში საუკეთესო მელელოვე გახდა აკა ტაბუცაძე, რომელმაც ნაკრებში 28-ე ლელო მიითვალა და მამუკა გორგოძეს გადაასწრო.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას აგრძელებს და 19 აგვისტოს, თბილისში აშშ-ს ნაკრებს გაეჯიბრება, ხოლო 26 აგვისტოს, „მარიფილდზე“ შოტლანდიას ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიის, უელსის, ფიჯისა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
საქართველო - რუმინეთი 56:6 (25:6)
ქულები: 0:3 პოპა (2), 5:3 აფრასიძე (6), 7:3 მატკავა (7), 10:3 მატკავა (13), 13:3 მატკავა (20), 13:6 მელინტე (24), 18:6 შარიქაძე (36), 20:6 მატკავა (37), 25:6 ჭყოიძე (39), 30:6 გაჩეჩილაძე (41), 32:6 მატკავა (42), 37:6 ტაბუცაძე (46), 39:6 მატკავა (47), 44:6 მატკავა (49), 49:6 მამუკაშვილი (67), 54:6 ლობჟანიძე (79), 56:6 მატკავა (80)