ფეხბურთი

23:59 | 10.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეი დემჩენკო: "საკუთარი შეცდომებით წავაგეთ, საპასუხო მატჩში რაღაცებს შევცვლი"

გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ ნიქოზიის „აპოელთან“ მატჩის (0:2) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, თამაში საკუთარი შეცდომებით წააგეს.

უკრაინელი სპეციალისტის თქმით, საპასუხო მატჩის წინ დადებითი განწყობა უნდა შეინარჩუნონ და რაღაც მოიფიქრონ, რომ სიტუაცია შეცვალონ, როგორც წინა ეტაპებზე.

„ძალიან სამწუხაროა თამაშის ამგვარად წაგება. „აპოელი“ თავს კარგად იცავდა, მაგრამ რამდენიმე კარგი მომენტი შევქმენით, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, ორივე გოლი საკუთარი შეცდომების შედეგად გავუშვით და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი თამაშის წაგება ძალიან საწყენია. არ მსურს ვინმეს რამე დავაბრალო. ახლა გუნდურობა, ოჯახურო განწყობა უნდა შევინარჩუნოთ, რომელიც არსებობს. ყველაფრის მიუხედავად ამ ყველაფერს დადებითად შევხედოთ და გავაცნობიეროთ, რომ „აპოელმა“ მხოლოდ მაშინ შეძლო თავისუფლად თამაში, რაც ჩვენი კაპიტანი ალეფ სანტოსი გაგვიძევეს.

კარგად ვითამაშეთ, თუმცა დავმარცხდით. „აპოელი“ სულ სამი-ოთხჯერ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე და ორი გოლი გაიტანა, თანაც ორივე სტანდარტული მდგომარეობიდან და ჩვენი შეცდომებით, ამიტომ სტანდარტებზე უნდა ვიმუშაოთ. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, სამწუხაროდ ჩვენი კაპიტანი, ალეფ სანტოსი დაგვაკლდება, ამის მიუხედავად დანებებას არ ვაპირებთ და ვეცდებით, პოზიტიური განწყობით შევხვდეთ ამ მატჩს. გავიხსენოთ, რომ წინა ორ ეტაპზე შემოვატრიალეთ თამაში და მომდევნო ეტაპზე გასვლა შევძელით. იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც ასე მოხდება.

პოლონეთშიც ბოლო 15 წუთი ჩავაგდეთ და დღესაც მეორე ტაიმში ვერ ვითამაშეთ მაღალ დონეზე. ვფიქრობ, ამინდმაც იმოქმედა, ძალიან ადრე დავხარჯეთ ენერგია და დავიღალეთ. სამწუხაროდ, მოკლე სკამი გაგვაჩნია, ალბათ, 5-6 მოთამაშეა, რომელსაც შეცვლაზე შემოსვლა შეუძლია. კარგი იქნებოდა, უფრო ძლიერი სკამი რომ გვქონდეს, სწორედ ასეთი მომენტებისთვისაა საჭირო, თუმცა, რაც არის, ესაა.

„ვორსკლასთან“ საპასუხო შეხვედრაში 90 წუთი საკმაოდ მაღალ დონეზე ვითამაშეთ, სწორედ ამიტომ ვარ დადებითად განწყობილი საპასუხო თამაშის წინ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას. ზოგადად, შანსი რა თქმა უნდა, ყოველთვის არის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ანალიზი სულ სხვანაირია და როდესაც მეტოქეს მოედანზე ხვდები, ბევრი რამ სხვანაირია. ამის მიხედვით უკეთ ჩნდება მათი შესაძლებლობები, ეს „ვორსკლასთანაც“ ასე იყო, პირველი მატჩის მერე დასკვნების გამოტანა უკეთ შევძელით და ახლაც ვეცდებით, რაიმე მოვიფიქროთ და მოვიმოქმედოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომელიც სტადიონზე მოვიდა და მხარი დაგვიჭირდა. მათ მთელი გულით სურთ ქართული გუნდის წარმატება, არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი კლუბი იქნება. ცვლილებები იქნება, რადგან ერთ-ერთი მცველი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე უნდა გადავიყვანოთ, რადგან სანტოსი ვერ ითამაშებს. ასევე გვყავს ანდრონიკაშვილი, რომელიც იმედია სამომავლოდ დაგვეხმარება. საბოლოო ჯამში, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ საპასუხო თამაშში წარმატებას მივაღწიოთ. სათანადო ანალიზის შემდეგ ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებ“, - თქვა დემჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ „დილასა“ და „აპოელის“ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 17 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121841