საქართველოს ჩემპიონის, "დინამო თბილისის" მეტოქეები წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ცნობილია.
ქართული კლუბი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მოწინააღმდეგეები იტალიური „პრო რეკო“, ბერძნული „ოლიმპიაკოსი“ და კვალიფიკაციის D ჯგუფის გამარჯვებულები იქნებიან.
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება. აქამდე ჯგუფები რვა გუნდიანი იყო, ახლა კი 16 გუნდი ოთხგუნდიან ოთხ ჯგუფში განაწილდა. ჯგუფში თითოეული გუნდი ერთმანეთს ორჯერ (შინ და სტუმრად) შეხვდებიან, ორ-ორი საუკეთესო კი, მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ჯგუფში მესამე-მეოთხეადგილოსანი გუნდები ევროთასზე, მერვედფინალური ეტაპიდან გააგრძელებენ ასპარეზობას. „დინამო თბილისს“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო ოთხი სეზონი აქვს ნათამაშები, სადაც ჯამში 7 მატჩის მოგება მოახერხა.