„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრანკ კესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა „ალ-აჰლისთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.
„ბარსამ“ მის სანაცვლოდ 12.5 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი სეზონში 20 მილიონი ევრო იქნება. კესიმ საუდელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
გასულ სეზონში 26 წლის აფრიკელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 43 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მას კარიერის უმეტესი და საუკეთესო წლები იტალიაში აქვს გატარებული, სადაც „ჩეზენას“, „ატალანტას“ და „მილანის“ ღირსებას იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ „ალ-აჰლიმ“ კესიმდე ინგლისური კლუბებიდან ედუარ მენდი, რობერტო ფირმინო და რიად მაჰრეზი დაიმატა.