„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ნეიმარი „ალ-ჰილალის“ ყურადღების ცენტრშია. ამის შესახებ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.
წყაროს თანახმად, არაბული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა უახლოეს დღეებში, როგორც თვითონ ფეხბურთელს, ისე პსჟ-ს დაუკავშირდეს და ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყოს.
ცნობილია, რომ ნეიმარმა პარიზულ კლუბს წასვლის სურვილის შესახებ აცნობა, მაგრამ ბრაზილიელის მთავარი მიზანი „ბარსელონაში“ დაბრუნებაა, რაც ესპანური კლუბის ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.
„ალ-ჰილალს“ დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, შესაბამისად, შეუძლია, როგორც პსჟ-ს, ისე ნეიმარის სახელფასო მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ბრაზილიელი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 173 მატჩში 118 გოლი გაიტანა.