მილანის „ინტერმა“ იან ზომერი დაიმატა. შვეიცარიელი მეკარის ტრანსფერი იტალიელებმა ოფიციალურად დაადასტურა.
ზომერმა „ნერაძურისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ანდრე ონანას შეცვლის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა. „ბაიერნს“ კი მისი შეცვლა მოუწევს, რადგან მანუელ ნოიერის დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
იან ზომერმა კარიერა „ბაზელში“ დაიწყო, სადაც 2014 წლამდე ითამაშა. იჯარით ამ პერიოდში მცირე ხნით „ვადუცსა“ და „გრასჰოპერსში“ ირჯებოდა, ხოლო 2014 წლიდან „გლადბახის“ კარს იცავდა. „ბაიერნს“ შვეიცარიელი მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, სადაც 25 თამაში ჩაატარა. შვეიცარიის ნაკრებში ზომერის ანგარიშზე 83 თამაშია.