შვეიცარიული „ბაზელი“, სადაც ცოტა ხნის წინ გაბრიელ სიგუა გადავიდა, კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა.
ტიმო შულცის გუნდმა ყაზახეთში „ტობოლს“ 2:1 მოუგო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა, რადგან შინ 1:3 ჰქონდა წაგებული. შესაბამისად, ყაზახებმა ორივე მატჩის ჯამში 4:3 იმარჯვეს. შვეიცარიელები დღეს 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მერე გაუშვეს გოლი, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
სიგუა განაცხადში არ იყო, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე მან უკვე ითამაშა „დინამოს“ რიგებში, შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპამდე „ბაზელს“ ვერ დაეხმარებოდა, მაგრამ მისი გუნდი ჯგუფში საერთოდ ვერ მოხვდა. ცნობისთვის, „ბაზელი“ კონფერენს ლიგაზე გასულ სეზონში ნახევარფინალამდეც კი მივიდა, სადაც დამატებით დროში წააგო „ფიორენტინასთან“, ახლა კი ყაზახური ბარიერი ვერ დაძლია.
სიგუა ოთხი დღის წინ შვეიცარიის ჩემპიონატის მატჩში იყო განაცხადში, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია, შესაბამისად, „ბაზელში“ ჯერ კიდევ დებიუტის მოლოდინშია.