„ვალენსიამ“ სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და საკუთარ ბაზაზე „ალავესს“ უმასპინძლა, რომელიც 2:0 დაამარცხა.
ესპანურ გუნდში მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. ქართველი გუნდს მხოლოდ მიმდინარე კვირაში შეუერთდა, შესაბამისად, ის რუბენ ბარახას სრულად არ დაუტვირთავს - გიორგიმ მეორე ტაიმი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა "ლოს ჩეს" შესვენების შემდეგ უკაპიტნა კიდეც.
„ღამურებმა“ 2:0 მოიგეს, მეორე საგოლე შეტევა გრძელი პასით სწორედ მამარდაშვილმა დაიწყო, გოლი კი მარტინ ტეხონმა გაიტანა. სხვათა შორის, ესპანური მედიის ცნობით, მატჩს გიორგის აგენტი, ლევან სეთურიძეც ესწრებოდა. მოგეხსენებათ, ქართველი კიპერის ტრანსფერზე აქტიურად საუბრობენ, მაგრამ ჯერჯერობით, ვალენსიელთა რიგებში რჩება.
„ვალენსია“ მომდევნო ამხანაგურ თამაშს 5 აგვისტოს „ასტონ ვილასთან“ გამართავს, ხოლო შემდეგ ლა ლიგაც დაიწყება, რომლის პირველ ტურში 11 აგვისტოს, „სანჩეს პისხუანზე“ „სევილიას“ ესტუმრება.