სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიური გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა ტანმოვარჯიშეთა ასპარეზობაც - დაჩი დოლიძემ ტაიჭზე ფინალურ ასპარეზობაში მსაჯებისგან 13.300-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რამაც მას ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
ძიუდოისტებმა საბა გველესიანმა -(90 კგ) ვერცხლის, შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბა გველესიანი შეჯიბრებას მეორე წრიდან შეუდგა. იპონით მოუგო შვედეთის წარმომადგენელს, ორ-ორი ვაზარით გაუმკლავდა მონტენეგროელ და ესპანელ მეტოქეებს, მაგრამ ფინალში გასული აზერბაიჯანელ მეტოქესთან დამარცხდა ორი ვაზარით და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.
-90 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტები სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.
ნახევარფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხების შემდეგ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ) - ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბერძენ მეტოქესთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
ძიუდოისტ გოგონათა შორის ლიზი ქვარცხავა (70 კგ) პირველ წრეში ბელგიელ მეტოქესთან გამარჯვების შემდეგ, მეორე წრეში ავსტრიელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა. ნინო პაპიძე (+70 კგ) პირველ წრეში ფრანგ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა, შემდეგ რეპეშაჟის პირველივე შეხვედრაში რუმინელ თანატოლთან შეხვედრაც დათმო.
შედეგად საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოპოვებული 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით პირადი შეჯიბრების საერთო ჩათვლაში (გოგონები და ბიჭები) მეორე ადგილი დაიკავა, ვაჟთა ჩათვლაში კი პირველი ადგილი ერგო.
უროს ტყორცნაში ფინალური შეჯიბრი მე-11 შედეგით (55.20 მ) დაასრულა ნოდარ კახელაშვილმა.
50 მეტრზე თავისუფალში საკვალიფიკაციო გაცურვა წარუმატებელი გამოდგა ანა ნიჟარაძისთვის (00.28,23).
GEONOC.ORG.GE