ფეხბურთი

23:59 | 27.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აპოელმა" კონფერენს ლიგაზე ქვილითაიას და დვალის გოლებით მოიგო (+VIDEO)
გაბრიელ სიგუას "ბაზელმა" ყაზახურ "ტობოლთან" შინ უშანსოდ წააგო

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის „აპოელმა“ სერბული „ვოივოდინა“ საკუთარ მოედანზე ქართველების წყალობით დაამარცხა.

კვიპროსელებმა 2:1 მოიგეს, გიორგი ქვილითაიას და ლაშა დვალის გოლებით. ქართველმა ფორვარდმა ანგარიში ახლო მანძილიდან 32-ე წუთზე გახსნა, რასაც სერბებმა მეორე ტაიმის დასაწყისში უპასუხეს. 65-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა ლაშა დვალმა, რომელმაც ეფექტური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. გიორგი მოედანზე 86-ე წუთამდე იყო, ხოლო დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში სერბეთში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ წყვილში გამარჯვებული მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ და „ვორსკლას“ შორის უმჯობესს შეხვდება. გორელებმა დღეს სტუმრად 1:2 წააგეს, არადა, 73-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

კონფერენს ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალისტი „ბაზელი“ შინ ყაზახურ „ტობოლთან“ 1:3 დამარცხდა. შვეიცარიელებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში 3 გოლი გაუშვეს, თან თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს. ყაზახური გუნდების წარმატებულ შედეგებს „ტობოლის“ ეს გამარჯვებაც ნათლად ასახავს. „ბაზელში“ არ უთამაშია გაბრიელ სიგუას, რომელსაც ჯგუფურ ეტაპამდე ევროთასებზე თამაშის უფლება არ აქვს, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე ითამაშა „დინამო თბილისის“ რიგებში.

პონზანის "ლეხმა" შინ 3:1 დაამარცხა კაუნასის "ჟალგირისი". ნიკა კვეკვერკისი ტრავმირებულია და შესაბამისად არ უთამაშია.

0.114841