ფეხბურთი

17:00 | 26.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" შჩესნიში 10 მილიონს იხდის, "იუვენტუსი" მეტს ითხოვს

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მეკარეს ეძებს, მათ სიაში კი „იუვენტუსის“ კარის დარაჯი ვოიცეხ შჩესნიც მოხვდა.

La Repubblica-ს ცნობით, მიუნხენელები ტურინელებს 33 წლის პოლონელ მეკარეში 10 მილიონ ევროს სთავაზობენ. თუმცა, იტალიური გრანდი უფრო მეტს ითხოვს. ამიტომაც, თუ გერმანელები შეთავაზებას არ გაზრდიან, ტრანსფერის შანსი არცთუ ისე დიდი იქნება.

შჩესნი „ბაიერნის“ სიაში ერთადერთი არ არის. ცნობილია, რომ „რეკორდმაისტერი“ გიორგი მამარდაშვილით იყო დაინტერესებული, მაგრამ ქართველის ტრანსფერი პრაქტიკულად ჩაიშალა, რადგან „ვალენსიამ“ 30 მილიონი ევრო მოითხოვა. მიუნხენელებს უკავშირებენ „ბრენტფორდის“ მეკარე დავიდ რაიას, თუმცა ინგლისელები 40 მილიონს ითხოვენ. კიდევ ერთი ვარიანტია დავიდ დე ხეა, რომელიც თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, შეიძლება „ბაიერნმა“ სწორედ ესპანელი დაიმატოს.

აღსანიშნავია, რომ „ბაიერნის“ მეორე მეკარის, იან ზომერის გადაბირება „ინტერს“ სურს, მაგრამ გერმანელები მის გაშვებას მანამ არ აპირებენ, სანამ ახალ მეკარეს არ გაიფორმებენ.

აქვე გეტყვით, რომ ვოიცეხ შჩესნის „არსენალსა“ და „რომაში“ უთამაშია, ხოლო „იუვენტუსში“ 2017 წლიდან დღემდე 217 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.116953