ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღეს მარიბორის ლუკნას დარბაზში, სადაც ძიუდოისტები ასპარეზობენ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ) ჩემპიონობა იზეიმეს.
ბაჩოშვილი ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. იპონით დაამარცხა რუმინელი მოწინააღმდეგე, ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა აზერბაიჯანელ მეტოქესთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბელგიის წარმომადგენელ აშხაბ ისაიევთან წმინდა გამარჯვება მოიპოვა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი შესძინა მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ), მომავალი ჩემპიონი ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაება. იპონით დაამარცხა სომეხი სპორტსმენი, შემდეგ ორი ვაზარით მოუგო მოლდაველ მეტოქეს, წმინდა გამარჯვება ჰქონდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთანაც, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ასევე იპონით გამარჯვება იზეიმა იტალიელ ემილიანო ლატანზისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
სპორტულ ტანვარჯიშში ვაჟებს შორის გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპი. ქართველმა ტანმოვარჯიშემ დაჩი დოლიძემ შთამბეჭდავად იასპარეზა ტაიჭზე და შემდგომ პარალელურ ორძელზე და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალური ასპარეზობა 28 ივლისს გაიმართება.
ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მესამე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა ჩოგბურთელთა ტურნირის მეორე წრეში გასული ელენე ხუბუასთვის, რომელიც ესპანელ თანატოლთან ორ სეტში (4-6, 3-6) დამარცხდა და ფესტივალზე ასპარეზობა დაასრულა.
ორიდან ორი წაგება ჰქონდათ 3X3-ზე კალათბურთელებს (ირაკლი ახალაია, ნიკოლოზ გურგენიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ანდრია მდინარაძე). ჩვენი გუნდი ჯერ უკრაინასთან დამარცხდა 11-21, შემდეგ - გერმანიასთან 12-21.
საგზატკეცილო ველოსპორტში გიორგი გაბრიჩიძემ 54-ე, რუსლან ბაბილოძემ 78-ე და არჩილ უნდილაშვილმა 79-ე ადგილი დაიკავა.
GEONOC.ORG.GE