ფეხბურთი

13:15 | 23.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვე, აბა შენ იცი!

სულ რაღაც 30 წელია, რაც ქართული ფეხბურთი დამოუკიდებლობის ციცაბო აღმართს მიუყვება და არც კახი კალაძეს, არც თემურ ქეცბაიას, არც ძმებს არველაძეებს და თქვენ წარმოიდგინეთ არც გიორგი ქინქლაძეს ისე არ გამოუღვიძებია და იმედებით აღუვსია ქართველი ქომაგი, როგორც ეს სრულიად მოულოდნელად გამოჩენილმა პატარა ბიჭმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა. სწორედ ამიტომაც, გიორგი ჩვენს ეროვნულ ნაკრებში განსაკუთრებით მიყვარს და იგი სიყვარულის გარდა ოპტიმიზმითაც მავსებდა. მუდამ მიღვიოდა იმედი, რომ „ჩაკვე“ თავისი ძალმოსილებით ერთხელაც დაგვიბრუნდებოდა და ეს დაბრუნება იქნებოდა ისეთივე რეალური, როგორც მისი უმაგრესი თამაში სულ პირველ ერთა ლიგის გათამაშებაზე.

ის კოშმარი რაც გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო წლებში გაიარა, სანიმუშო და კარგი გაგებით სამაგალითო უნდა იყოს ყველა ფეხბურთელისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ბურთის სერიოზულად გორებას და ტრავმებს და ტრავმის გამიზეზების შესაძლებლობებს აგდებულად და ზერელედ უყურებენ. ხომ ხვდებით? ასაკის და წლების ამბავიცაა. ყველანი ვყოფილვართ პატარები და მაშინ მარტივი გვეგონა ტრავმის გადატანა და ფეხიდან ხიჭვის გამოძრობა. არადა, სწორედ ეს ფიგურალური „ხიჭვი“ შეიძლება გახდეს ყველანაირი უბედურების წყარო.

ლამის მოურჩენელი ტრავმების და გართულებული ტკივილების შემხედვარე, ბევრს საბოლოოდ ჰქონდა გადაწურული იმედი, რომ ჩაკვეტაძე ოდესმე კიდევ შეძლებდა მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშს. მიუხედავად ჩემი ოპტიმიზმისა, მიჭირდა იმ ხალხთან კამათი, რომლებიც გიორგის ბედს ფაქტობრივად გადაწყვეტილად მიიჩნევდნენ. ამას დაემატა მისი არცთუ „ჩაკვეტაძისეული“ გამოსვლა „ჰამბურგში“ და ნორმალური, თუმცა არა გადასარევი თამაში ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილ „სლოვანში“. აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ მადლობა საქართველოს ნაკრების სლოვაკ ყოფილ მწვრთნელს, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძეს და არამხოლოდ მას, სწორედ მაშინ მისცა თამაშის შესაძლებლობა, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ახლა კი, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ძალმოსილებით გამოჩენამდე, ქართული ფეხბურთის მთავარი იმედი, ინგლისურ „უოტფორდში“ გადავიდა და უკვე ოფიციალურად ამ გუნდის წევრია, ჩემი ოპტიმიზმი კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდა და ახლა უფრო მეტად მჯერა, რომ ჩაკვეტაძეს ჩვენს ნაკრებში მთავარი თამაშები ჯერ კიდევ წინ აქვს და ინგლისში შეძენილი გამოცდილება და ბრიტანული ფეხბურთს სხივი ჩვენს ბიჭს მწყურვალისთვის მიწოდებული წყალივით წაადგება.

ჩაკვეტაძის გარშემო თავიდანვე არაჯანსაღი აჟიოტაჟი ატყდა და ტრავმამომრავებულ გამოუცდელ ფეხბურთელს მავანთა „კეთილგანწყობა“ თავზე ქარიშხალივით დაატყდა. ამგვარ „კეთილისმსურველთა“ შორის სამწუხაროდ იყვნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც ამ წლების მანძილზე იმდენ აბსურდს წერდნენ გიორგის კარიერაზე, იმის ნახევარი მაინც რომ გამართლებულიყო, ამ ბიჭს დღეს საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ექნებოდა.

დამეთანხმებით, არაა ადვილი თან ტრავმებს მკურნალობდე და თან ცდილობდე თავი დააღწიო ათასი ჯურის „კეთილისმსურველს“, რომლებიც ტვინს გიჭამენ სულელური რჩევებით და დარიგებებით. რაც მართალია, მართალია - საქართველოში სხვის საქმეში ყველა ბრძენია და მართლაც რომ ადვილია სხვის ნაცვლად სამომავლო გეგმების დალაგება და წარსულის შეცდომებზე დასკვნების გაკეთება.

2023-2024 წლების საფეხბურთო სეზონი უდავოდ მნიშვნელოვანი და ალბათ წყალგამყოფი იქნება გიორგი ჩაკვეტაძის ცხოვრებასა და კარიერაში. ინგლისელ მოწინააღმდეგეებთან ჯახში უკვე ნათლად დავინახავთ უსამართლოდ ნატანჯი ქართველის უნარსაც და სამომავლო პერსპექტივებსაც. მთავარი კი ისაა, რომ ყველამ ვაცალოთ თამაში ამ ადამიანს. გიორგის ახლა ყველაზე მეტად აჟიოტაჟის დაცხრობა სჭირდება.

„ჩაკვე“, აბა შენ იცი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108888