ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა! სტივ კინის გუნდმა ბოსნიურ „სარაევოს“ აჯობა და მომდევნო წრეში ითამაშებს.
პირველი მატჩი ქუთაისში 2:2 დასრულდა, ხოლო ამჯერად სარაევოში ასევე ფრე დაფიქსირდა. ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც იმერლები უშეცდომონი იყვნენ.
"ტორპედომ" კარგად დაიწყო, აქტიურობდა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ მაინც „სარაევო“ სწრაფად, მე-12 წუთზე დაწინაურდა ჟილიკიჩის გოლით და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთამდე მასპინძლები იგებდნენ, თან „ტორპედოც“ ხიფათს ვერ ქმნიდა, მაგრამ გიორგი არაბიძის ჯარიმის შემდეგ მერაბ გიგაურმა თავით გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. შედეგად, დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ასევე არაფერი შეცვლილა. კინის გუნდმა თავი კარგად დაიცვა, ბოლომდე იბრძოლა, რაც საბოლოოდ დაუფასდა.
პენალტების სერიაში „ტორპედომ“ 4-დან 4 დარტყმა გაიტანა (შერგელაშვილმა, მანჯგალაძემ, ქობულაძემ და კაბალიერომ), ხოლო მატჩის გმირი ფილიპ კლაიჩი გამოდგა. ქუთაისელთა სერბმა მეკარემ 4-დან 2 პენალტი მოიგერია და თავის გუნდს მოაგებინა!
ამრიგად, ქუთაისის „ტორპედო“ მეორე ეტაპზეა, სადაც 27 ივლისს და 3 აგვისტოს, ყაზახურ „აკტობეს“ დაუპირისპირდება.
„სარაევო“ – „ტორპედო“ 1:1 პენ: 2:4 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 3:3
სარაევო, „ასიმ ჰასე“
„სარაევო“ (4-2-3-1): საჰინოვიჩი; ბეგანოვიჩი, ჟელიკოვჩი, ანიჩიჩი (შერბეჩიჩი 87), დურაკოვიჩი; ვრანჩიჩი, ბალტა (მუსტაფიჩი 87); კიერემე, ვარეშანოვიჩი (ავრამოვსკი 77), ჟილიკიჩი (იკიჩი 68); ოლივეირა (ჩატაკოვიჩი 86)
მწვრთნელი: მირზა ვარეშანოვიჩი
„ტორპედო“ (4-4-1-1): კლიაიჩი; მონტეირო, სანდოხაძე, ნადარაია (კაიკე 87), შერგელაშვილი; ქობულაძე, გიგაური (ჭიჭინაძე 96), აკბარი, ბუღრიძე (მანჯგალაძე 65); არაბიძე; ფანცულაია (კაბალიერო 65)
მწვრთნელი: სტივ კინი
გოლები: 1:0 ჟილიკიჩი (12), 1:1 გიგაური (90)
პენალტების სერია: 0:0 იკიჩი (მეკარე), 0:1 შერგელაშვილი, 1:1 ჩატაკოვიჩი, 1:2 მანჯგალაძე, 2:2 ავრამოვსკი, 2:3 ქობულაძე, 2:3 ბეგანოვიჩი (მეკარე), 2:4 კაბალიერო
გაფრთხილება: ჟილიკიჩი (40), ბეგანოვიჩი (90), შერბეჩიჩი (103), მუსტაფიჩი (112) - ფანცულაია (40), ბუღრიძე (42), გიგაური (44), მანჯგალაძე (84), კაბალიერო (90), გოშაძე (104)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (3) – 5 (3) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: იონ ორლიცი (მოლდოვა)