ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა „სარაევოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მის გუნდს წარმატების მიღწევის შანსი აქვს და თავდაჯერებულები არიან.
„სასიამოვნოა აქ ყოფნა, თავს კარგად ვგრძნობთ, ფანტასტიკურად მიგვიღეს. პირველი თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ პირველი ტაიმი კარგად დავასრულეთ. რთული იქნება, მაგრამ დიდი თავდაჯერებულობა გვაქვს. დადებითზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და 100%-ით კონცენტრირებულები ვიყოთ ჩვენს საქმეზე. „სარაევომ“ წინა თამაში გაანალიზა, ისევე, როგორც ჩვენ გავაანალიზეთ და ორივე გუნდმა იცის, რას უნდა ელოდოს, ამიტომ სიურპრიზებს არ ველოდები, რადგან გუნდები ერთმანეთს იცნობენ. სტადიონზე კარგი გარემო იქნება, მაგრამ ამას დადებითად ვხედავ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ქუთაისში მატჩის მეორე ნაწილში, კარგი შანსი გვექნება, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.
მართალი გითხრათ, „სარაევო“ პირველ 25 წუთში ქუთაისში უკეთესი იყო და წინ გასვლას იმსახურებდა, მაგრამ შემდეგ ცვლილებები შევიტანეთ თამაშში, უფრო აგრესიულები გავხდით. ვფიქრობ, სათადარიგო სკამიდან ჩართულ ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაშზე დიდი გავლენა მოახდინონ. თუ ნახევარდაცვაში უპირატესობა გვექნება და მათ შეტევებს შევამცირეთ, წარმატებას მივაღწევთ. ეს არის ჩვენი პირველი ამოცანა. ბევრი უნდა ვირბინოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - თქვა კინმა.
მატჩამდე კომენტარი გააკეთა „ტორპედოს“ კაპიტანმა მერაბ გიგაურმაც: „სარაევო“ კარგი გუნდია, ჩემი აზრით, შანსი თანაბარია. აქ მოსაგებად ჩამოვედით და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. პირველი თამაშის საწყისი 25 წუთი ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ გამოვნახეთ ჩვენს თავში ძალა და ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. ამხელა გზა იმისთვის არ გაგვივლია, რომ დავმარცხდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოვიგოთ, ზუსტად ამისთვის ვართ აქ ჩამოსულები“.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა.