საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი „კრემონეზეს“ შეუერთდა. იტალიურმა კლუბმა მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მაგრამ ლუკა სანაკრებო მატჩების გამო გუნდს ცოტა მოგვიანებით შეუერთდა.
25 წლის მცველით ესპანური „რაიო ვალეკანო“ იჩენს ინტერესს, მაგრამ ჯერ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, ლოჩოშვილიც „კრემონეზეს“ განკარგულებაშია და თუ არაფერი შეიცვალა, მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს, სადაც კრემონელები დაქვეითდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლოჩოშვილმა ყველა ტურნირზე 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
ლოჩოშვილის გარდა, შვებულება დაასრულა ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც „ბორდოსთან“ ერთად მზადებას იწყებს. ის ჟირონდელებმა 10-დღიან შეკრებაზე მიიწვიეს, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, ერთ-ერთს „ოსერის“ წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, დავითაშვილი „ბორდომ“ გამოისყიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ჯერჯერობით, გუნდთან ერთად შეკრება არ დაუწყია გიორგი მამარდაშვილს. ესპანური მედიის ცნობით, იმის გამო, რომ მან ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა, შვებულება ჯერაც ეკუთვნის და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის 24 ივლისიდან მოემზადება. თავის მხრივ, „ნაპოლის“ მიმდინარე კვირაში უნდა შეუერთდეს ხვიჩა კვარაცხელია. იტალიელებმა სამზადისი უკვე დაიწყეს, მაგრამ კვარასაც სანაკრებო მატჩების გამო ოდნავ მოგვიანებით უწევს პრესეზონზე ჩართვა, ისევე როგორც „ნაპოლის“ კიდევ 8 ფეხბურთელს.