„სარაევოს“ მთავარმა მწვრთნელმა მირზა ვარეშანოვიჩმა „ტორპედოსთან“ მატჩის (2:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მას აინტერესებს, რატომ არ დაუშვეს ტრიბუნებზე „სარაევოს“ ფანები.
მატჩის წინ ბოსნიელ ქომაგებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც სტუმრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცეს. ვარეშანოვიჩმა ამ თემაზე საუბარს დიდი დრო დაუთმო.
„რატომ არ იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები სტადიონზე? მათ ამხელა გზა გაიარეს, რომ აქ ჩამოსულიყვნენ. ვისურვებდი, რომ ამ კითხვაზე ვინმემ მიპასუხოს. არ მიმაჩნია სამართლიანად, რომ ამდენი კილომეტრი გაიარეს თამაშის საყურებლად და სტადიონზე არ შეუშვეს, ეს არ არის სწორი! არ ვიცი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ჩემთვის ეს გაუგებარია.
ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. პირველ ტაიმში ბევრად უკეთესები ვიყავით, ორჯერ ბურთი ძელს გავარტყით და კიდევ რამდენიმე მომენტი გვქონდა. შესვენებამდე გოლი ყველაზე ცუდ დროს გავუშვით, მერე სწრაფად გავათანაბრეთ, მაგრამ სწრაფადაც გავუშვით. მეორე ტაიმში ფიზიკურად გაგვიჭირდა და მიმაჩნია, რომ ფრე სამართლიანი შედეგია. მომდევნო მატჩისთვის მოსამზადებლად 7 დღე გვაქვს და ვფიქრობ, საპასუხო მატჩში ფავორიტები ვიქნებით“, - თქვა ვარეშანოვიჩმა.
კომენტარი გააკეთა "სარაევოს" ფეხბურთელმა და მეორე გოლის ავტორმა დალ ვარეშანოვიჩმაც: "პირველ ტაიმში მინიმუმ 2 გოლი უნდა გაგვეტანა, რადგან ბევრი მომენტი გვქონდა. მათ პირველივე დარტყმით შეძლეს გოლის გატანა. ზოგიერთი შეცდომა ძვირად დაგვიჯდა. იმედი მაქვს, რომ სარაევოში გავიმარჯვებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ".
შეგახსენებთ, რომ „სარაევოსა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩი 20 ივლისს, ბოსნიაში გაიმართება.