„პარმას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ფაბიო და პაოლო კანავაროების აგენტმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლის“ მთავარი ლიდერი და „ცხოველი“ ვიქტორ ოსიმენია.
„ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის განვასხვავებდი გადამწყვეტ ფეხბურთელებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელებისგან. მნიშვნელოვანი არის მაგალითად ლობოტკა, მაგრამ მისი შეცვლა შესაძლებელია. გადამწყვეტი ფეხბურთელები კი ისინი არიან, ვინც მატჩის ბედს წყვეტენ. ოსიმენის გარეშე „ნაპოლი“ სხვა გუნდია. კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, მაგრამ ბოლო დროს მეტოქეებმა მის წინააღმდეგ მოედანზე „გალია“ შექმნეს და გაიცნეს, ხოლო ოსიმენი ცხოველია, „ნაპოლის“ ცხოველი ის არის“, - თქვა ფედელემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 14 ივლისიდან დაიწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია გუნდს რამდენიმე დღის შემდეგ შეუერთდება. რუდი გარსიას გუნდი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ დაუპირისპირდება.