საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე რომის „ლაციოს“ ინტერესის სფეროშია. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.
როგორც ის საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომაელებმა „მეცს“ პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთეს, თუმცა, დეტალები უცნობია. „არწივების“ მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის სურს, რომ გუნდში ჩირო იმობილეს შემცვლელი ჰყავდეს, გიორგიც იტალიელთა თვალთახედვის არეში ამიტომ მოხვდა. ორი დღის წინ ფრანგული გუნდის მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ თქვა, რომ თუ სერიოზული შეთავაზება იქნება, „მეცი“ მიქაუტაძეს ვერ შეინარჩუნებს.
22 წლის ქართველ ფეხბურთელს აქამდე ტურინის „იუვენტუსსაც“ უკავშირებდნენ, ასევე ინგლისურ „ბარნლის“, თუმცა ჯერჯერობით, „მეცში“ რჩება, რომელთანაც კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მიქაუტაძე 23 გოლით ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე დასახელდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. სწორედ გიორგის დიდი წვლილია, რომ „მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნდა.