2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით, მეხუთე შეხვედრას უმცროსი ბორჯღალოსნები 14 ივლისს, ჩვენი დროით 19 საათზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
მას შემდეგ, რაც ლადო კილასონიას შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე არგენტინისა და იტალიის დამარცხებით მეორე ადგილი დაიკავეს, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, დაქვეითების წნეხის გარეშე, V-VIII ადგილებისთვის თამაშის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში საქართველო უელსთან ვერაფერს გახდა (21:40) და ტურნირს მე-7 ადგილისთვის მატჩით ასრულებს.
ჩვენი მეტოქე უმცროსი „ოლ ბლექსია“, რომელიც ტურნირის დაარსებიდან (2008 წლიდან 12 ჩემპიონატი, 2019-2022 წლებში ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა) დღემდე ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ – 6-ჯერ (2008, 2009, 2010, 2011, 2015, 2017) გახდა, მათ შორის ბოლოს 2017 წელს თბილისში. გუნდმა თითო-თითოჯერ დაიკავა მეორე (2012) და მესამე (2014) ადგილი.
უმცროს ბორჯღალოსნებს მათ წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია: 2016 წელს, საქართველოს დებიუტი 20-წლამდელთა ჩემპიონატზე სწორედ უმცროს „ოლ ბლექსთან“ შედგა და მეტოქემ 55:0 იმარჯვა; 2019 წელს ზელანდიელებს ლელო გავუტანეთ, თუმცა გამარჯვება კვლავ მას დარჩა – 45:13.
წელს 20-წლამდე ზელანდიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგეს, ერთი დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. უელსთან ისინი პირველი ტაიმის შემდეგ 5:19 ჩამორჩნენ, თუმცა მეორე ნახევრის პირველ 20 წუთში 22 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 27:26 იმარჯვეს; მეორე ტურში, საფრანგეთი ახალ ზელანდიასთან 28:0 დაწინაურდა, სამხრეთელებმა მეორე ტაიმში ორი საპასუხო ლელო გაიტანეს, მაგრამ თამაში ვერ გადაარჩინეს – 14:35; დასკვნით ტურში უმცროსმა „ოლ ბლექსმა“ იაპონია 62:19 დაამარცხა და V-VIII ადგილების ნახევარფინალში გავიდა.
ავსტრალიასთან გამართულ ნახევარფინალში ზელანდიელები მე-12 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ, მერე კი ორჯერ დაკარგეს მოთამაშე 10-10 წუთით და ჯამში 20 წუთი 13 კაცის ამარა ითამაშეს. მიუხედავად ამისა, ისინი ბოლომდე დარჩნენ თამაშში და საბოლოოდ 35:44 დამარცხდნენ.
საქართველოსა და ახალი ზელანდიის შეხვედრა, რომელმაც მე-7 ადგილოსანი უნდა გამოავლინოს სტელენბოშში, „დენი ქრეივენის“ სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.
RUGBY.GE