საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იტალიური კლუბების ინტერესის ქვეშ რომ იყო, აქამდეც გავრცელდა ინფორმაცია, ახლა კი კონკრეტულად სახელები გაჟღერდა.
იტალიური მედიის ცნობით, 21 წლის ქართველით „უდინეზე“ და „სასუოლო“ ინტერესდებიან. უდინელთა რიგებს როდრიგო ბეკაო ტოვებს, რომლის შემცვლელსაც კლუბი ეძებს და ერთ-ერთი ვარიანტი საზონოვია. მეორე მხრივ არის „სასუოლო“, რომელიც ყოველთვის ყურადღებით მუშაობს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, შემდეგ კი მათ სარფიანად ყიდის. მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც შედგა.
Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, „სასუოლოს“ უფრო მეტი შანსი აქვს და მოწინავეა საბასთვის ბრძოლაში, ხოლო „უდინეზე“ უკანა პლანზეა. მოგეხსენებათ, მანამდე საქმეში „ჰამბურგიც“ იყო, რომელიც ბრძოლას კონკურენციის გამო ჩაეხსნა და სხვა მცველი უკვე დაიმატა.
საბას „დინამოსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. საზონოვი „ზენიტის“ აკადემიაში გაიზარდა, მოსკოვის „დინამოში“ კი 2021 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. საბა გასული წლიდან საქართველოს მოქალაქეა და ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე კი ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.