ფეხბურთი

1:50 | 12.07.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელი დაიმატა, ორი ლეგიონერია

ქუთაისის „ტორპედომ“ ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა. იმერულ კლუბში ამიერიდან გიორგი ფანცულაია, ნიკოლა ნინკოვიჩი, ანრი ჭიჭინაძე და ომრან ჰაიდარი ითამაშებენ.

ყველა მათგანმა „ტორპედოსთან“ 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების ვარიანტით.

გიორგი ფანცულაია და ანრი ჭიჭინაძე „ტორპედოში“ ადრეც თამაშობდნენ, შესაბამისად, კლუბში დაბრუნდნენ. გიორგი ბოლოს ყაზახურ „კასპიიში“ თამაშობდა, სადაც 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ჭიჭინაძე უზბეკეთის ჩემპიონატში გამოდიოდა.

რაც შეეხება ნინკოვიჩს, მას დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, თავის დროზე სერია A-შიც უთამაშია. 28 წლის სერბი იყო „ნოვი სადის“, „პარტიზანის“, „კიევოს“, „ჯენოას“, „ემპოლისა“ და „ასკოლის“ წევრი. ომრან ჰაიდარი კი ავღანეთის ნაკრების წევრია, რომელსაც პოლონეთის ჩემპიონატში დიდი ხანი აქვს ნათამაშები გდანსკის „ლეხიასა“ და „არკას“ შემადგენლობაში.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ 13 ივლისს, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოსნიურ „სარაევოს“ უმასპინძლებს, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი გიორგი გულიაშვილი თამაშობს.

0.116444